საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, სოფლის სკოლებში მასწავლებლების მთავარი პრობლემა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაა. აღნიშნული განცხადება ჯეჯელავამ სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევების შესახებ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. ჯეჯელავას თქმით კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით, რეგიონების სკოლებში განათლების დაბალი დონე იმით არის განპირობებული, რომ მასწავლებელთა კორპუსი წლების განმავლობაში არ იცვლება. როგორც განათლების მინისტრი ამბობს, ეროვნული სასწავლო გეგმა სოფლის სკოლებში საფუძვლიანად არ მუშაობს და მისი გაუმჯობესებაა საჭირო:
„ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. სოფლის სკოლებთამ შედარებით კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში . ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა. 2016 წელს დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა. ერთია, რომ ქაღალდზე დავწერეთ და დავამტკიცეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, დოკუმენტს ბეჭედი დავარტყით და მეორეა, რომ 2000 სოფელში ეს მისატანია და სასწავლებელი. ჩვენ ხანდახან გვჩვევია ასეთი რაღაც - დოკუმენტი დავწერეთ, გვგონია, რომ ხვალ უკვე შედეგები უნდა დადგეს. ეს სისტემა ასეთი არ არის. მაგალითად 60 ათას მასწავლებელს ვიდრე ასწავლი და კარგად აუხსნი, როგორ მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმა და მისი მიდგომა, რა თქმა უნდა, წლები გავა.” - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






