ზოგადად, უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა, ოჯახისა არ იყოს, ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდშია და ამაში გასაკვირიც არაფერია, თუმცა ერთი რამ ცხადია, ,,ოცნებისტების“ პარტიაში ადამიანები იდეის გამო კი არა, იმის გამო შევიდნენ, რომ ივანიშვილისგან წყალობას ელოდნენ.
ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, „ოცნებაში“ კრიტიკული ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც გაირკვა, რომ ყოფილმა პრემიერმა პარტიის მიმართ ინტერესი დაკარგა.
„ახლა, იმას არ ვამბობ, რომ ივანიშვილს გავლენა არ აინტესრებს, მაგრამ მგონი, ადრეც გითხარით, რომ დეპუტატებთან, ვისთანაც თუნდაც არჩევნებამდე კონტაქტობდა, კომუნიკაცია გაწყვიტა. შესაბამისად, არავინ იცის, როდის რა უნდა თქვას და რა განცხადბა გააკეთოს. მეტსაც გეტყვით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საჯარო სტრატეგიას პარლამენტის პრესსამსახური გეგმავს, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს: ყურადღება თუ მიაქციეთ, რამდენიმე თვის წინ იმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, საერთო ჯამში, 50-მდე მილიონერი დეპუტატია. აქედან უმეტესობა უმრავლესობის წევრია. ჰოდა, ადამიანები, რომლებმაც მილიონები იშოვეს, როგორ წარმოგიდგენიათ, პრესსამსახურის გოგო-ბიჭების ჭკუაზე ივლიან? მათ „ოცნებასთან“ სიახლოვე იმიტომ უნდოდათ, რომ თავიანთ ტოლად და სწორად ივანიშვილს თვლიდნენ. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ 20-25 წლის ე.წ. პიარსპეციალისტს უნდა შეუთანხმონ, სად რა და როგორ თქვან. ჰოდა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომლის მონაცემებითვე, ასევე, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიძლება გაუქმდეს.
„ბუნებრივია, გვარებს არ დაგისახელებთ, მაგრამ რამდენიმე დეპუტატი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ თუნდაც 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, რადგან ამ ხალხს აქვს გათვლა, რომ სიცოცხლის ბოლომდე თუ არა, ღრმა მოხუცებულობამდე მაინც დეპუტატი იყოს და საკუთარ ბიზნესებს ასე გაუწიოს ლობირება. ეს ადამიანები ღიად ამბობენ, რომ თავის დროზე, როცა „ოცნებას“ დასთანხმდნენ, რომ მისი სახელით იყრიდნენ კენჭს, როგორც მაჟორიტარები, არავის უთქვამს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა, ანუ ახლა ეს „ტიპები“ თავს „გადაგდებულებად“ თვლიან და დიდი პოლიტიკური ნახტომისთვის ემზადებიან,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ რესპონდენტი.
კულუარული ინფორმაციით ისიც აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ უმრავლესობის დაშლის საფრთხე მეტ-ნაკლებად რეალურია, ანუ ვითარება, როგორც ირკვევა ასეთია:
ადგილობრივ თვითმმართველობამდე „ოცნების“ წიაღში შესაძლოა, ახალი ფრაქცია იშვას, რომელიც არჩევნები დამთავრდება თუ არა, როგორც „ნიუპოსტს“ განუმარტეს, დიდი ალბათობით, უმრავლესობას დატოვებს და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას გააგრძელებს.
ამასთან, ჩვენი წყაროები იმ სავარაუდო ადმაიანებზეც გვესაუბრნენ, ვინც შეიძლება, ახალი ფრაქციის შემადგენლობაში ვიხილოთ, თუმცა ვინაიდან კონფიდენციალობის დაცვის მოტივით, ამ ეტაპზე კონკრეტული პერსონალიების დასახლეებისგან თავს შევიკავებთ. ერთს კი აღვნიშნავთ, რომ „ოცნებიდან“ გაქცევის მსურველთა უმეტესობის ბიოგრაფია „ოცნებიდან“ არ იწყება.
ამას გარდა, „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური რესპონდენტი ყურადღებას კიდევ ერთ ტენდენციაზე ამახვილებს, კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ უმრავლესობის წევრებს ცალკეული მინისტრები არ სწყალობენ და გარკვეულ ღონისძიებებზე არ იწვევენ, უფრო სწორად, იწვევენ, მაგრამ კონკრეტული შემთხვევით თუ ვიმსჯელებთ, რამდენიმე დეპუტატს ე.წ. მოსწავევი ერთ-ერთი ღონისძიების დაწყებამდე, მინიმუმ, ნახევარი საათით ადრე მიუტანეს, თურმე, რამაც საკანონმდებლო ორგანოს წევრების გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია.
ამ ყველაფრის შეჯამების შედეგად, „ნიუპოსტის“ წყაროები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მიძინებულ ვულკანს ჰგავს, რომელიც შეიძლება, დღე-დღეზე აფეთქდეს.
აფეთქების მიზეზი კი, შეიძლება, თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს, ანუ ნარმანია რომ აღარ იქნება დედაქალაქის მერი, ამას წყალი არ გაუვა. იამსაც ამბობენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად მისი დანიშვნის დაპირებაც ბლეფია, ისევე როგორც, ამ თანამდებობას ჰპირდებოდნენ ნოდარ ჯავახიშვილსაც, მაგრამ ასე არ მოხდა. ასე რომ, შესაძლოა ნარმანიაც „გადააგდონ“.
რაც შეეხება უშუალოდ მერობის კანდიდატს, კალაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ შიდა ინტრიგები აგორდეს და ისიც ცაიტ-ნოტში დატოვონ. ზოგადად, თბილისის მერის პოსტი კარგი შანსია, როგორც პოპოლიტკური კარიერის გამყარების, ასევე პირადი ბიზნესიც კუთხითაც. ფაქტია, პიროვნებას ან ძალიან დიდი მფრაველი უნდა ჰყავდეს, ან მორჩილება უნდა უყვარდეს, რომ ამ პოსტზე მისი კანდიდატურა დაასახელონ. ეს არა მხოლოდ „ოცნების“ კონტექსტში, არამედ ყველა პარტიასთან მიმართებაში სამწუხაროდ ასე ხდება.
საზოგადოების ნაწილს უნდა თუ არა, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები მაინც „ოცნების“, „ნაციონალებისა“ და ყოფილი „ნაციონალების“ კანდიდატები იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები






