„ვინც საკუთარ ქვეყანაში მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, საქართველოს აფარებს თავს, მიგვაჩნია ჩვენს მეგობრებად და ნამდვილ თანამებრძოლებად. როგორც ქართული სახელმწიფოს მონობისგან ყველა საშუალებით ვიცავთ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ჩვენი სტუმრების დასახმარებლად და ნებისმიერი შეფერილობის სახელმწიფო ძალადობისგან დასაცავად. მათ შორის, ვთავაზობთ ნებისმიერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანს გახდეს გირჩის წევრი ან „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელთმსახური.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო წყაროების გამოყენებით, შევაგროვებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ეს ადამიანი საქართველოდან აზერბაიჯანის საპყრობილეში; არ მივცემთ საშუალებას საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს მიჩქმალონ ფაქტები; მოპოვებულ მონაცემებს გავხდით საჯაროს ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.“- აღნიშნულია გირჩის განცხადებაში.
შეგახსენებთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






