2017 წლის პირველ ივნისს, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მიაწოდა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათ განხორციელებას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი, რომლის ფარგლებში აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა: ქალაქ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია ,,DOPPELMAYR”-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით. კომპანია ,,DOPPELMAYR”-ისათვის წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო გარანტიისა და მატერიალური ფასეულობის მიღების გარეშე გადარიცხულია სულ 4.1 მილიონი ევრო მაშინ როდესაც, ხელშეკრულებით 2.8 მილიონი ევროს გადახდა უნდა განხორციელებულიყო მისაწოდებელი ტექნიკის თბილისში დასაწყობების შემდეგ.
საბაგირო გზის მშენებლობისათვის 2012-2013 წლებში ბიუჯეტიდან გაწეულია სულ 12.6 მილიონი ლარის საკასო ხარჯი. დღეის მდგომარეობით კი შესრულებულია მხოლოდ 604.6 ათასი ლარის სამუშაოები; აუდიტის პროცესში კეთილმოწყობის სამსახურისა და შპს უძრავი ქონება თბილისის თანამშრომლებთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელებში შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟებული ლიფტები და საპირფარეშოები საერთოდ არ ფუნქციონირებდა, სამეთვალყურეო სისტემიდან კი ფუნქციონირებდა მხოლოდ მცირე ნაწილი. შესყიდული მატერიალური ფასეულობებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებადი სამეთვალყურეო სისტემის გათვალისწინებით არაეფექტიანად გახარჯულმა საბიუჯეტო თანხებმა შეადგინა 831.6 ათასი ლარი.
სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე შპს დელტა კომმთან 2014 წლის 1 ივლისს 64 გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შესასყიდი მატერიალურ ფასეულობათა სავარაუდო ღირებულების არასწორი განსაზღვრის შედეგად მიწოდებული აპარატურის ფასნამატმა შეადგინა 298.2 ათასი ლარი; 2015 წლის 1 იანვრიდან მიმწოდებლები ვალდებულები არიან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებამდე, წარმოედგინონ ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ფაქტიური დანახარჯების შესახებ. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებდა მერია და მისი ღირებულების პროცენტული მაჩვენებლები კომპანიებთან შეთანხმებით დგინდებოდა ასევე მერიის მიერ, მომსახურების ღირებულება მიმწოდებელი კომპანიების მიხედვით განსხვავდებოდა და მერყეობდა შესასრულებელი სამუშაოების 0.4% დან 5.6%-მდე. 2015 წლის განმავლობაში კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებების საექსპერტო მომსახურებაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების გამოყენების შემთხვევაში ბიუჯეტიდან ფაქტობრივად გადახდილი 579.2 ათასი ლარის ნაცვლად გადასახდელი იქნებოდა 347.5 ათასი ლარი; 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულებისა და შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებლებზე პირგასამტეხლოს სახით დარიცხულმა თანხებმა შეადგინა 129.5 ათასი ლარი, მაშინ როცა ხელშეკრულებების შესაბამისად დარიცხული უნდა ყოფილიყო 719.5 ათასი ლარი.
აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაცია რამდენადაც ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს კეთილმოწყობის სამსახური, საბიუჯეტო თანხების რაციონალურად ხარჯვის მიზნით მიზანშეწონილია კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებების საექსპერტო მომსახურების პროცენტული მაჩვენებლები დადგინდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის „ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N 171 დადგენილების შესაბამისად“, - ნათქვამია ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






