ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაერთიანება ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე „ზოგიერთები აპელირებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების გაერთიანების საკითხზე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას 7-მდე ამცირებენ:
„ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციები, რომ რამე ემუქრება თვითმმართველობას. თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიკური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება კორექტირებები, ვინაიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამცდაარამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთაინდება. როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ეს ბიუჯეტი, რომელიც არსებობს ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არცერთი თეთრი. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევებში ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. ამ ემპირიულმა გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






