აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოძიების პროცესსა და საქმის მიმდინარეობის დეტალებზე ისაუბრა:
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლის წინასწარ შემუშავებული სქემა, რომ ეს არი იყო პირველი პრეცენდენტი და იგი რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ზემოთ მოხსენებულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყარობა და ავთენტურობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და ახორიცელებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გაძლიერებულ კონტროლს.
პარალელურად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატი სადიკოვი. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ თბილისიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველოს სპეცსამსახურის წარმომადგენელი ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ მუხთარლის ადვოკატის განცხადება დაუსაბუთებლად იქნა ატაცებული გარკვეული პირების მხრიდან, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხდება ამ ვერსიის ტირაჟირება.
ჩვენ კარგად გვესმის ზოგიერთი მოქალაქისა და ორგანიზაციის ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, არასწორად და დაუშვებლად მიგვაჩნია საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება, მით უმეტეს, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქმის ამგვარ ვერსიასთან საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს არავითარი შემხებლობა არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ.
ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანული ეროვნების ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სახელმწიფო არასდროს დაინტერესებულა მათი დამოკიდებულებით აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აზერბაიჯანელ პარტნიორებსაც არასდროს მოუმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი ოფიციალური ან არაოფიციალური თხოვნით, პოლიტიკური შეხედულების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეების უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვასთან ან სამშობლოში მათ იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ არც თავად აფგან მუხთარლის მხრიდან დაფიქსირებულა რაიმე მიმართვა შესაბამისი უწყებებისადმი, მის პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მხოლოდ დაკავებულის ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ან მედიაში გავრცელებულ ვერსიებზე დაყრდნობით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, საქართველოს ან აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების დადანაშაულება უსამართლობაა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






