იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას განმაცვიფრებელს უწოდებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „მთავარში“ განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში, შემაშფოთებელი ბრალდებები გავრცელდა სამართალდამცავი უწყებების მიმართ. მისი თქმით, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომელიმე ქართველ სამართალდამცავს მიეღო მონაწილეობა „ამგვარ გაუგონარ ფაქტში“.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის განცხადებებს ეხმაურება. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „მტავარში“ საქმის კომენტირებისას, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის განცხადება განმაცვიფრებელი იყო.
„ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მიმართ მოვისმინე სხვადასხვა შემაშფოთებელი ბრალდება, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან. მისი „ფესიბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად გასაოცარი და განმაცვიფრებელი იყო. მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია, რომელიმე ჩვენი სამართალდამცავი მონაწილეობდეს ამგვარ გაუგონარ ფაქტში.
მე მრცხვენია კიდეც ამას რომ ვამბობ. ჩვენმა საზოგადოებამ და მათ შორის სახალხო დამცველმა, უნდა იცოდნენ, სუს-ი იქნება ეს თუ შსს-ი - ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე მათთვის ხელის დადება და მსგავსი განცხადებები ანგრევს ჩვენს სტრუქტურებს. მე მინდა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა დავუდასტურო იმ სამართალდამცველს, ვინც კანონის დაცვას ემსახურება“, - განცხადა თეა წულუკიანმა.
სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ არ უნდა გაჩნდეს რაიმე ეჭვიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სახელმწიფო თვალს ხუჭავს დანაშაულზე ან გულგრილად ეკიდება აფგან მუხთარლის გაუჩინარებას.
აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. ჟურნალისტს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულს ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი სარცელის დაკმაყოფილება, უფლებადამცველები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






