„აზერბაიჯანი, შესაბამისად მისი მთავრობა, არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. და ეს ორმხრივ ინტერესს ეფუძნება. იმას რაც გუშინ მოხდა ( თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, რომელიც შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ხოლო მისი პასპორტი თბილისში, ბინაში), ნურავინ შეეცდება ამ სტრატეგიული მეგობრობით ახსნას ან გაამართლოს. თუ რამე ანგრევს პარტნიორობას ეს ცალმხრივი უთავმოყვარეობაა. ასე ხდება ხოლმე როცა მეგობრობას დაანგრევ შენი სიხარბით, გამოუცდელობით და მერე პარტნიორობის აღდგენის სურვილით ყველანაირ სისულელეზე თანხმდები. ჩვენ და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ ასეთი რამ აყენებს ჩრდილს. ნუ გავიშვერთ ხელს აზერბაიჯანისკენ. პრობლემა ჩვენი უთავმოყვარეო მთავრობაა“- წერს გიგი უგულავა ფეისბუკზე.
შეგახსენებთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






