„საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ გვიმტკიცებდა, ქართველი ხალხი 850 წელია, რუსთველის მიხედვით ცხოვრობსო, ღალატობს მეგობრობას, ადამიანობასა და ღირსებას, სამარცხვინოდ არღვევს კანონს და აფგან მუხთარლის გაწირვით საყოველთაოდ აცხადებს, რომ არის მხდალი და ლაჩარი ხელისუფლება.“- წერს ლევან ბერძენიშვილი ფეიბუკზე.
შეგახსენებთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






