დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა. თავის სიტყვაში ელჩმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებზე და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.
მოწვეულ სტუმრებს აგრეთვე სიტყვით მიმართა დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა.
ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილმა ადგილობრივი ანსამბლი „ფესვების“ ბავშვებმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველო-ბრიტანეთის დროშების სამკერდე ნიშნები დაურიგეს.
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართველი პიანისტების ილია ლომთათიძისა და ბარბარე თათარაძის კონცერტი, რომლებმაც ევროპელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულეს.
ღონისძიებას გაერთიანებულ სამეფოში დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, ნატოს წევრი ქვეყნების, „სამხედრო საზღვაო ძალების უმცროსი და თანაშემწე ატაშეების ასოციაცი“-ის, ქართული დიასპორის, მედიის, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.
მასალის გამოყენების პირობები






