„რესპუბლიკური პარტია“ და „ტავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარმატებისთვის ერთობლივი ძალებით იბრძოლებენ.
პარტიებმა სამომავლო გეგმების შესახებ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს:
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლა გაახმოვანა, მან დასაყრდენად ორი პოლიტიკური ძალა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები გამოაცხადა, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა მნიშვნელოვანი წყვილი შევიტანეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვებაში და ამ კოალიციის წევრ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მოვედით ხელისუფლებაში.
დღეს თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ქართული ოცნების ოპოზიციას წარმოვადგენთ. რა მოხდა? რატომ გაიყარა ჩვენი და ქართული ოცნების გზები? ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები იმთავითვე წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც როგორც თავისუფალი დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების უმთავრეს ღირებულებას. ხოლო დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბება, ამასთან მისი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ოჯახში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფის უალტერნატივო გზას და საშუალებას. ანუ წარმოადგენს უმთავრეს მიზანს როგორც თავისუფალი დემოკრატებისათვის ასევე რესპუბლიკელებისთვის.
სწორედ ამ ღირებულებებისა და მიზნების აღიარებით ვიყავით ჩვენ ქართული ოცნების პარტნიორები და ქართული ოცნების მიერ ამ გზიდან გადახვევა გახდა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის განხეთქილების მიზეზი.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვის დანაპირების ნაცვლად, ქართულმა ოცნებამ პოლიტიზებული და მისგან მართვადი სამართლებრივი სისტემა, პროკურატურა და სასამართლო შესთავაზა ჩვენს მოქალაქეებს. ხოლო დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, ერთპარტიული და არაფორმალური მმართველობა დააწესა ქვეყანაში. ჩვენი გზების გაყრასთან ერთად ივანიშვილის ხელისუფლებამ სხვადასხვა უღირსი მეთოდების გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა როგორც რესპუბლიკელებს, ასევე თავისუფალ დემოკრატებს, რაც გამოიხატა ჩვენი პარტიის წევრების, მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში, ასევე მისგან მართვადი ცესკოს, სატელიტი პოლიტიკური პარტიებისა და სასამართლოს მეშვეობით, ჩვენითვის საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლის უკანონოდ ჩამორთმევაში და სხვა. მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ერთგული ვრჩებით ზემოხსენებული მიზნებისა და ღირებულებების. ვაგრძელებთ ბრძოლას მათ მისაღწევად და დასაცავად.
გაგვაჩნია რა ღირებულებითი ერთიანობა, ამასთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში. ერთიანი ძალით სწორედ თვითმმართველობის არჩევნებიდან დავიწყებთ, შევქმნით საფუძველს, რომ ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ მმართველობას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






