კანონპროექტის მიღების მიზეზი ახსნილია განმარტებით ბარათში:
„2017 წლის 1 იანვრიდან ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული მომსახურებებით ვერ სარგებლობენ კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები. აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას იმ შემთხვევებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი ექიმს ავალდებულებს აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე. თუმცა, აღნიშნულ კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება. შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა. ბრალეულობის დადგენის პროცესი, კი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო. პრაქტიკაში გვხვდება ასეთი შემთხვევები. მართალია, კანონქვემდებარე აქტის დონეზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მოვალეობა დახმარების გაწევის შესახებ, თუმცა პრაქტიკაში გარკვეული ხარვეზები მაინც გვხვდება. არსებული პრობლემები ცხადყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საჭიროა კანონით განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება განახორციელოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.“- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ამასთანავე კანონპროექტის ინიციატორების აზრით, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდეს ჩანაწერი სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი საუბრობს იგივე ქმედებაზე, რამაც გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობისმძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთითვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლი არ შეიცავსმითითებას სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, თუ იგი სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს არასაპატიო მიზეზით არ გაუწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლს დაემატება შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობა ამავე მუხლით ჩადენილი ქმედების გამო.
მასალის გამოყენების პირობები






