"ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩება სასურველი მიზნის მისაღწევად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარება, და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირებაა.
"ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე. ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების,სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზად არის თავის რიგებში მიიღოს ევროპულ ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს, მზად არიან და შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის “ღია კარის” პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა გადაწყვეტილება ნატოს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება, რაც არის ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება და რასაც მხარს უჭერენ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური პარტიები.
ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი ალიანსთან და მივაღწიეთ პრაქტიკული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეს, ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით. შედეგად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და 15 სხვა პროექტი. ამასთან ერთად, საქართველოში მუშაობს ნატო-ს 30-ზე მეტი ექსპერტი. ჩვენს პროგრესს აღიარებენ ალიანსის წევრები, რომლებმაც ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველომ უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. როგორც ასპირანტი სახელმწიფო და პარტნიორი, საქართველო არის ავღანეთის ნატო-ს მისიის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ასევე ვმონაწილეობთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. გარდა ამისა, ჩვენი ასეული მონაწილეობს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს დაგეგმილი აქვს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები






