"ადაპტაცია მომავლისთვის"- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს. იგი უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე -"აღმოსავლეთ სამეზობლო 2017. სიტყვით გამოვიდა.
პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
“დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში,” - აღნიშნა პრემიერმა.
გუშინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მისასალმებელი შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) პრეზიდენტ რობერტ ვასსთან და ფორუმის საპატიო თავჯდომარესთან, რასტისლავ კაჩერთან. კონფერენციის ორგანიზატორებმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის.
რიგით მე-12 კონფერენციას 70 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები






