საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განიხილება ინიციატივა, რათა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც შემდგომში საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.
„დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების აქტიურად დარჩენას საქართველოს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ დღევანდელი ფორუმი იქნება კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება, რათა გაგაცნოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დღეს ჩვენი სახელმწიფო სთავაზობს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რათა თქვენი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში იყოს მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი იქნება ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. მინდა, თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ დიდი მადლობა იმ უდიდესი პატრიოტიზმისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დიდი მადლობა დღეს ჩამობრძანებისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოს", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ქართულ დიასპორას.
დიასპორის დღესთან დაკავშირებული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრი, ფორუმზე ასევე წარადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიას - „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა".
მასალის გამოყენების პირობები






