იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი სამთავრობო კომისია შეარჩევს. კომისია იმ კანდიდატებს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს.
ესენი არიან: ადეიშვილი ირაკლი, ალანია თამარ, ალექსიძე თამარ, ბაქაქური ნინო, ბაჩიაშვილი იოსებ, ბოხაშვილი ბესარიონ, გაბისონია თამარ, გელაძე ნატალია, გეწაძე შოთა, დობორჯგინიძე ვერა, დონდოლაძე ირაკლი, ვარძელაშვილი კონსტანტინე, კვირიკაშვილი მაია, კემულარია რუსუდან, კორკელია კონსტანტინე, ლეგაშვილი ნიკოლოზ, მესხიშვილი ქეთევან, მესხორაძე ლევან, სვანიძე ერიკ, ჭანტურია ლადო, ხითარიშვილი ლუიზა, ჯანდიერი დავით, ჯაფარიძე სოფიო.
სახალხო დამცველს შენიშვნები აქვს კომისიის შემადგენლობასთან მიმართებით. უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ არათანაბარი მოპყრობის ფაქტები არ იქნება დაფიქსირებული:
„მე ვისურვებდი, რომ კომისიაში უფრო მეტი, დამოუკიდებელი წევრი ყოფილიყო, უფრო მეტი ბალანსი ყოფილიყო კომისიაში, მეტი ადამიანი აკადემიური წრიდან, სამოქალაქო სექტორიდან, თუმცა, დავაკვირდებით რა თქმა უნდა კომისიის მსვლელობას. იმედი მაქვს, რომ არათანაბარი მოპყრობის ფატები არ იქნება დაფიქსირებული“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, მასთან გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი შესაძლოა დავით ჯანდიერმაც თქვას. იგი იუსტიციის სამინისტროში 16:00 საათზეა დაბარებული. ჯანდიერს ჰქონდა შენიშვნები კომისიის შემადგენლობასთან მიმართებით.
მასალის გამოყენების პირობები






