შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი
სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე დაათვალიერა.იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ გამოავლინა და მათ ავტორებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. მოქალაქეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია სტუმრებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასა და საკუთარ სპორტულ მიღწევებზე ესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






