საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა.
თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ფიცი დადო, სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის უმთავრეს ღირებულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნისთვის უმთავრესი თავისუფლებაა:
„მივესალმები ქართულ საზოგადოებას, მივესალმები ქართულ ჯარს, მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს, ამ საზეიმო ტრიბუნიდან ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.
პირველ რიგში, მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას ჩვენს დევნილ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობს ოკუპაციის ხაზს მიღმა, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს არ დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან, ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება. ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე, ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით.
დღესვე მინდა ხელახლა დავადასტურო ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს. შეკვეთა, რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, იქნება წარმატებით მიღწეული.
ქართული სახელმწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით, იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს, გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით.
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება ააშენოს ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს კულტურას, ჩვენს საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და შექმნიდა ჭეშმარიტად მრავალი, სხვადასხვა ხმისგან ერთიან პოლიტიკურ პროცესს, სამივე ეს მიზანი არის გაერთიანებული და ერთმანეთის შემავსებელი. სამივე ეს მიზანი აერთიანებს ერთიან სწრაფვას ჩვენი ერისა, მაგრამ ის, რაც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და რაც ყველაფერ ამას აძლევს აზრს, არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისაკენ.
26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად, ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც მართლაც დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას ერთადერთი სწორი მიზეზით და წყაროთი, ხალხის ნებით და არა რაიმესხვა მიზეზით განაპირობებს.
მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალი არის ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი არის თავისუფალი.
თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება არის ფუნდამენტი დემოკრატიული თავისუფალი საქართველოს შექმნის. მაგრამ საიდან იწყება თავისუფლება.
თავისუფლება ძნელად არის მოსაპოვებელი, რადგან იგი პირველ რიგში შენი თანამოქალაქის სხვა საქართველოს მოქალაქის უფლებების აღიარებაშია. გეუბნებით, რომ არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს, ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე, დღეს ვის მოუგეთ , ან ვისზე უფრო ძლიერები ხართ, იფიქრეთ იმის თაობაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი, ასე შეუქმნიათ ჩვენი ძლიერი საქართველო ჩვენს წინაპრებს.
როგორც მრავალხმოვანება ქართული სიმღერის, თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ქმნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ერთიან ჰარმოანიაში ჩვენი ერის განვითარებისა და უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული. ჩვენს ცოტახნის ისტორიასაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რამდენჯერაც გვითქვამს ჩვენი მოქალაქეებისთვის სიტყვა, ჩავრეცხოთ, განვდევნოთ, არ გვინდა იმდენჯერ ეს სიტყვა უკან დაგვბრუნებია. ამიტომ, უმაღლესი ღირებულება თავისუფლებაა. ეს სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენც დღესაც და ასე განვაგრძობთ მომავალში.
პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალიც ასეთ ფრაზაში: სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე ან შეიძლება თავისი პირადი ცხოვრებისუელი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა. დიდება მათ სულებს და სამარადისო ხსოვნა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები






