2016–2017 სასწავლო წლის მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.
არსებული ვითარების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა. შაშკინი აღნიშნავს, რომ ზოგადი განათლების კუთხით სიტუაცია ძალიან მძიმეა და მის გამოსასწორებლად განათლების სისტემაში არაფერი კეთდება:
„ზოგადი განათლება არის უმძიმეს კრიზისში, ამ კრიზისში იგი ჩააგდო არსებულმა მთავრობამ. განათლების სამინისტროს საიტზე, არქივში დევს ინფორმაცია, რომელზე წვდომაც ნებისმიერ ადამიანს აქვს, 2012 წელს გამოცდებზე ჩაიჭრა 5% და ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იყო დიდი მაჩვენებელი, ვთვლიდით, რომ დიდი სამუშაო იყო გასაწევი იმისთვის, რომ ეს ციფრი დაგვეწია. წელს ჯეჯელავამ თქვა, რომ საატესტატო გამოცდებში ჩაიჭრა 11 ათასი მოსწავლე, სკოლას ამთავრებს 40 ათასი მოსწავლე, 11 ათასი არის 25% დაახლოებით, პრიმიტიული მათემატიკის ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ ვნახოთ თუ რამდენად დამძიმდა პროცესი. თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი ჩაიჭრა, ეს არის საგანგაშო შედეგი, 5-ჯერ გაუარესდა სიტუაცია. გამოცდები 2012-ში ახალი დაწყებული იყო და ბევრი იყო გასაკეთებელი იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაგვეწია ეს 5%-იანი მაჩვენებელი.
ერთი წლის წინ პედაგოგთა 80%-მა ვერ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა, ამ ერთი წლის განმავლობაში კი ამ მაჩვენებლის გამოსასწორებლად არაფერი გაკეთებულა. სიტუაცია ზოგად განათლებაში ძალიან მძიმეა და როგორც ჩანს ეს მაჩვენებელი უარესდება და უარესდება“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






