,,ნიუპოსტი“ მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:
ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად
პატივცემულო კომისიის წევრებო,
პატივისცემით მოგმართავთ კიდევ ერთხელ, ჩვენ საქართველოს მოქალაქენი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი დემოკრატიის გულშემატკივრებს და როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელთ.
მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარეობს კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთლიანი ქართული საზოგადოებისაგან იზოლირებულად. ეს პროცესი ხასიათდება, როგორც ცალმხრივობით, ასევე ერთპარტიულობით. არ არსებობს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი ცვლილებათა მხარდასაჭერად. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლებისაგან გამიზნული და მისგანვე გაცხადებული ცვლილებები არის ნეგატიური და დამაზიანებელი ქართული სახელმწიფოს ინსტიტუციური წესრიგისთვის, ქართული დემოკრატიის და კონსტიტუციური ეთიკისთვის, პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემებისთვის. შესაბამისად, არსებობს სახელისუფლებო პროექტის საწინააღმდეგო კონსესუსი.
ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას და საქართველოს მოქალაქეთა შეუვალ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებული ცვლილებების სახელისუფლებო პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი და საყოველთაო წესი და თავად ინსტიტუტს ეზღუდება, უუქმდება და ერთმევა ბალანსის და გაწონასწორებისათვის უმნიშვნელოვანესი დისკრეციები, უფლებები და მოვალეობები; ხდება ამ ინსტიტუტის დაკნინება, მისი დაცლა შინაარსისაგან, რაც პირდაპირი პოლიტიკური და პიროვნული ინტერესია მმართველი უმრავლესობის რეალური ხელმძღვანელის, ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბატონი ბიძინა ივანიშვილის.
გთავაზობთ ჩვენს არგუმენტებს და პოზიციებს აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელშიც წარმოდგენილია სამართლებრივი არგუმენტები 8 (რვა) პუნქტად და პოლიტიკური პოზიციები 20 (ოცი) თეზისის სახით.
არგუმენტი 1: კონსტიტუციის 69-ე მუხლის მიხედვით "საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას." - როგორც პირდაპირი წესით ანუ ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირი, ვისაც ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია გააჩნია, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) რომ ღიად წინ აღუდგეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ ტრანსგრესიას მთავრობისა და პრემიერის მხრიდან. 20%-ით ოკუპირებული და არაფორმალური მმართველის მიერ მართულ ქვეყანაში - ეს უსერიოზულესი შემაკავებელი ფაქტორია.
არგუმენტი 2: ამავე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს: ". საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი." ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჯარს ომისა თუ მშვიდობის ხელმძღვანელობს არა მხოლოდ პრემიერის მიერ დანიშნული თავდაცვის მინისტრი, არამედ ხალხის მიერ ყველაზე დიდი ლეგიტიმურობის მქონე სამოქალაქო პირი, რაც ასევე უზრუნვრლყოფს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლს.
არგუმენტი 3: ამავე მუხლის მესამე პუნქტი ამბობს: "საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში." ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის დარჩება ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მთავრობამ შეიძლება დეკლარირებულ კურსს გადაუხვიოს (რის მცდელობასთანაც ახლა გვაქვს საქმე).
არგუმენტი 4: მუხლი 73 გვამცნობს რომ პრეზიდენტი
"კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ-მინისტრს;" - ეს ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იძულებულია პრეზიდენტთან შეთანხმებით იმოქმედოს, რაც ახალისებს კომპრიმისის და კონსენსუსის კულტურის ჩამოყალიბებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიაში, როგორიც არის ქართული დემოკრატია.
არგუმენტი 5: 73-ე მუხლის თ) ქვეპუნქტით პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას - არეულობისა და ომიანობის პირობებში, ანუ როცა მთავრობას არ აქვს ნორმალური ფყნქციონირების საშუალება. ეს მხოლოდ პრეზიდენტისმაგვარ, უმაღლესი ლეგიტიმურობის მქონე პირს უნდა შეეძლოს და არა პრემიერ-მინისტრს, ვისაც არ აქვს ამგვარი მაქსიმალური დემოკრატიული მანდატი.
არგუმენტი 6: ამავე 73-ე პ) ქვეპუნქტის მიხედვით პრეზიდენტი "შეიწყალებს მსჯავრდებულთ." ეს სერიოზული ბერკეტია პოლიტიკური დევნისა და უკანონო პატიმრობების აღსაკვეთად, რადგან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იცის, რომ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი უკანონოდ დევნილი მოქალაქე.
არგუმენტი 7: ამავე მუხლის ჟ) ქვეპუნქტი გვამცნობს რომ პრეზიდენტი "დაითხოვს პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით." ეს კონსტიტუციური ან ბიუჯეტური კრიზისებიდან გამოსვლის ერთადერთი ლეგიტიმური მეთოდია, და ის უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, ანუ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს.
არგუმენტი 8: მუხლი 74 გვამცნობს, რომ "1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში." ეს უფლება ასევე მოიცავს პრეზიდენტის ნეგატიურ უფლებას რეფერენდუმის არდანიშვნისა, თუ საკითხი არაკონსტიტუციურ ან არადემოკრატიულ ინიციატივას შეეხება, რაც ახალგაზრდა დემოკრატიებში სულაც არაა გამორიცხული რომ დღის წესრიგში დადგეს.
აქვე გთავაზობთ ოც თეზისს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ, რომელსაც იზიარებს მთელი ქართული საზოგადოება, პოლიტიკური, აკადემიური და სამოქალაქო სპექტრი, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებების საწინააღმდეგოდ:
✔ არავის აქვს ლეგიტიმაცია მოქალაქეებს გამოსტაცოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური უფლება - აირჩიოს საკუტარი ქვეყნის პრეზიდენტი;
✔ არსებული პოლიტიკური უფლების ალაგმვის პრაქტიკა არ არსებობს დემოკრატიების ისტორიაში;
✔ სუსტი პრეზიდენტი (ინსტიტუციურად) ქმნის ნოყიერ ნიადაგს, სადაც წარმატებით აღმოცენდება არაფორმალური მართვა და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პრაქტიკა;
✔ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ცალკე შტო არ არის, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი არის ძალთა შორის ბალანსის და დეკონცენტრაციის, გაწონასწორების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანო;
✔ მაღალი ლეგიტიმაციის პრეზიდენტი ქმნის პოლიტიკური სტაბილურობის და სტაბილური განვითარების ცენტრს;
✔ პრეზიდენტი უკვე არის ტრადიციული სახელმწიფო ინსტიტუტი, მისი არჩევა არის სახელმწიფო-პოლიტიკური ტრადიცია; დაუშვებელია ასეთი ტიპის ტრადიციის ხელყოფა;
✔ ირიბი არჩევის შემთხვევაში, ხელისუფლების, უმაღლესი ინსტიტუციების, კონსტიტუციური ორგანოების უზურპაცია გახდება უმარტივესი;
✔ პრეზიდენტის ინსტიტუტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები 1991 წელს გაიმართა აფხაზეთშიც. ამ უფლების გაუქმება არის საშინლად არაკორექტული და გაუმართლებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისადმი - მათ ყოველგვარი ჩართულობის გარეშე ვართმევთ ერთიანი სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებას;
✔ პრეზიდენტის არჩევნები არის მოქალაქეთა პოლიტიკური ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. დაუშვებელია ამ მექანიზმის მოსპობა. ეს დააზიანებს, შეასუსტებს სახელმწიფოს აღქმას და მოსპობს სახელმწიფო-პოლიტიკურ პროცესში თანამონაწილეობის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლების გაუქმება შეასუსტებს ხალხის, როგორც ძალა-უფლების წყაროს სტატუსს, ფუნქციას და სხვა ფუნდამენტურ განაზრებებს;
✔ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის და სახელმწიფოს სახე, მისი წარმომადგენელი და სიმბოლო. დაუშვებელია, მოქალაქეს არ ჰქონდეს თავისი წარმომადგენლის გამორჩევის შესაძლებლობა;
✔ პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ზეპოლიტიკური კონსტიტუციური ორგანო, სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც უნდა იდგეს ყველა ვიწროპარტიულ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასეთი ვერ იქნება;
✔ პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის, სახელმწიფოს ერთიანობის, საზოგადოების ორგანული მთლიანობის განსახიერება - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება არათუ ასეთი, საერთოდ ვერანაირ მაკონსოლიდირებელ ფუნქციას ვერ შეასრულებს;
✔ პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი უნდა ქმნიდეს საერთო კონსოლიდაციის პერსპექტივას მოქალაქეებში; უნდა იყოს საერთო სახალხო ავტორიტეტი. მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ასეთ შესაძლებლობას ბუნებითად არ იცნობს;
✔ პრეზიდენტის უფლებების შევიწროება პრემიერის უფლებათა ზრდის პარალელურად, შექმნის ერთმმართველ პრემიერს უფლებამოსილების მასთან კონცენტრაციის გზით. ვინაიდან არ მოგვწონდა განუსაზღვრელი უფლებების პრეზიდენტი, ზუსტად ასევე მიუღებელია განუსაზღვრელი უფლებების პრემიერი.
✔ მმართველი უმრავლესობა არ სარგებლობს საკმარისი სახალხო ლეგიტიმაციით ამ ცვლილებებთან დაკავშირებით;
✔ საქართველოს პარლამენტის ეს მოწვევა არ სარგებლობს ამ ტიპის ლეგიტიმაციით; არ არსებობს არანაირი კონსესუსი პრეზიდენტის საარჩევნო წესის ცვლილების შესახებ;
✔ პრეზიდენტის ინსტიტუტი უკავშირდება უმაღლეს კონსტიტუციურ დებულებებს. დაუშვებელია კონსტიტუციური ცვლილებები მოკლე პოლიტიკური დროის, პოლიტიკური თუ პიროვნული მიზანდასახულობებით;
✔ მოკლევადიანი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიდგომები სპობს კონსტიტუციის ავტორიტეტს, როგორც ღირებულებათა ერთობლიობას, როგორც საერთო საზოგადოებრივ ხელშეკრულებას;
✔ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დიდწილად იგივდება საქართველოს სახელმწიფოს იდენტობა, მისი ისტორია. პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი არის მაღალი სოციალური გამოხმიანება. დაუშვებელია ამ გამოხმიანების შემცირება;
✔ პრეზიდენტის ინსტიტუციური მოდელის ხელყოფა აზიანებს კონსტიტუციურ ეთიკას და ლოგიკას, კონსტიტუციის სულს, მის სადამფუძნებლო ხასიათს და წესრიგს.
პატივცემულო კომისიის წევრებო, გთხოვთ, თქვენეული დასკვნის მომზადებისას, მხედველობაში მიიღოთ ეს არგუმენტები, საქართველოს მოქალაქეთა მტკიცე და ურყევი პოზიციები, ქართული სახელმწიფო-პოლიტიკური და დემოკრატიული ტრადიციების განგრძობადობის მნიშვნელობა, სახელისუფლო პროექტის წინააღმდეგ ქართული საზოგადოების ერთიანობა.
პატივისცემით,
1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ნიკა რურუა
2. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე
3. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - დავით სიხარულიძე, ბათუ ქუთელია
4. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
5. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - ზურაბ ხარატიშვილი
6. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა
7. ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე
8. ლიბერალ-დემოკრატები - მუხრან ბურჭულაძე
9. რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი
10. ახალი ერთობა საქართველოსთვის - ნიკოლოზ ვაშაკიძე
11. საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ - ლაშა ქუსიკაშვილი
12. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხია
13. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გიორგი გოგოლაძე
14. აფხაზთა კრება - მალხაზ პატარაია
ასევე, ის ორგანიზაციები, რომელიც ერთიანდება „აფხაზთა კრებაში“:
პოლიტიკური პარტია:
ილია ჭაჭავაძის საზოგადოება თამარ ჩხეიძე
საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციები:
1. მოძრაობა ,,დაბრუნება“ მალხაზ პატარაია
2. ვეტერან მეომართა კავშირი ,,ჯიხა“ ვლადიმერ დაშნიანი
3. ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება ,,ლაზარე“ ჯონი კვარაცხელია
4. ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა ბესიკ ექსეულიძე
5. აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო გიგა დარსანია
6. სამოქალაქო ალიანსი განვითარებისათვის ირაკლი შეთეკაური
7. ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი ლაშა ფარულავა
8. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი შმაგი ჩოხელი
9. საქართველო-დევნილთა მხარდაჭერისათვის ნარი მიქაძე
10. გადავარჩინოთ მომავალი თაობა მერაბ გამსახურდია
11. საზოგადოების უფლებები დავით აფციაური
12. რეპატრიანტთა კავშირი ლეილა ნაროუშვილი
13. ქართული ორდენი ზურაბ გრიგალაშვილი
14. ქალები საქართველოსთვის ვალისა ღვინჯილია
15. მშვიდობის ლეგიონი ,,ფენიქსი“ ბესიკ წერედიანი
16. ახალი თაობა-დემოკრატიული არჩევნები ლევან გაბრიჩიძე
17. ,,აპრიორი“ ბესიკ შენგელია
18. სტუდენტურ-ახალგაზრდული კავშირი ,,გრაალი“ ოთარ კუპრაძე
მასალის გამოყენების პირობები






