მემორანდუმის თანახმად, უწყებები ორმხრივი თანამშრომლობისა და მყარი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობენ ხელს. დაგეგმილია თანამშრომლობა პენიტენციური სისტემების მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციური ჯანდაცვის, თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების განვითარებისა და სხვა მიმართულებებით, ასევე, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ექსპერტებისა და შესაბამისი სფეროების წარმომადგენელთა მონაწილეობით კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება.
კახა კახიშვილის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი იქნება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში დიდ წვლილს შეიტანს.
„მემორანდუმის ხელმოწერა ჩვენს სტრუქტურებს შორის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აქტიურ დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და წარმატებით გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის განვითარებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მემორანდუმი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. კახა კახიშვილი ვენაში ზიმერინგის სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები






