წელიწადნახევარში 2000-ზე მეტი მცირე ზომის ქალაქსა და სოფელს ექნება წვდომა მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან- პრემიერი ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე
პოლიტიკა - 09:44, 24 May, 2017     7877
ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომლის შედეგად, საქართველო განვითარების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

"ოთხი წლის მანძილზე, საიდანაც ერთი წელი უკვე გავიდა, პროექტი, რეფორმების გეგმა სტრატეგიულ სფეროებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ისახავს მიზნად. ამ სფეროებს შორისაა განათლების სექტორი - ამ კუთხით პროექტი უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული საბჭოთა გადმონაშთებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პოტენციურად უმუშევარი კურსდამთავრებულების გამოშვების აღკვეთას, პროფესიული განათლების მნიშვნელობის გაზრდას, დასაქმებასა და განათლებას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, დუალური განათლების გერმანული, შვეიცარული და ავსტრიული მოდელის დანერგვას, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით ერთდროულ სწავლასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს და ასევე ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვას ქვეყნის შორეულ რეგიონებში არსებულ სკოლებში. ამ მიზნით ჩვენ ვქმნით ციფრულ-ოპტიკური კავშირგაბმულობის ქსელს და უკვე წელიწადნახევარში 2000-ზე მეტი მცირე ზომის ქალაქსა და სოფელს ექნება წვდომა მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი უზრუნველვყოთ მოსწავლეების კავშირი საუკეთესო დონის მასწავლებლებთან", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება მმართველობის სფეროა, რაც გულისხმობს ორი კუთხით განვითარებას - პირველში მოიაზრება მომსახურებაზე ორიენტირებული მმართველობა, რომელიც მიზნად ისახავს ერთი ფანჯრის პრინციპის გამოყენებას არა მარტო ფიზიკური პირებისათვის საჭირო მომსახურების მიწოდების პროცესში, რაც უკვე დანერგილია საქართველოს იუსტიციის სახლებში, არამედ იურიდიული პირებისა და კომპანიებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდების დროსაც.

"ამ გზით ნებისმიერ იურიდიულ პირს ექნება სახელმწიფო სერვისებით ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ელექტრონული მმართველობის პლატფორმა - ამ კუთხით ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ერთიან წარმომადგენლობით ოფისს ყველა სამთავრობო სტრუქტურისათვის, არამედ ვაუქმებთ მათ არსებულ ფრონტ-ოფისებს, რომელთა მეშვეობითაც იურიდიული პირები იღებენ სახელმწიფო სერვისებს. კერძოდ, ჩვენ ვაერთიანებთ ცალკეულ სამთავრობო სტრუქტურაში არსებულ ფრონტ ოფისებს ერთ სივრცეში, ერთიანი ელექტრონული მმართველობის პლატფორმის ქვეშ. ეს მართლაც რევოლუციური შინაარსის ცვლილებაა, რის შედეგადაც ვიღებთ სერვისების მიწოდების ხარისხის, სამთავრობო სექტორის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და კორუფციის ისედაც დაბალი რისკების სრულიად აღმოფხვრას. სრულიად იცვლება ბიზნესსაზოგადოებისათვის საჭირო მომსახურებების ხარისხი. ამ სფეროს რეფორმის კიდევ ერთ მიმართულებას ჩართულობაზე დაფუძნებული მმართველობა წარმოადგენს - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენ შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელიც აერთიანებს უდიდესი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ბიზნესასოციაციებს, სავაჭრო პალატასა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. საბჭოს შეხვედრებზე წინასწარ განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება და ნებისმიერი აქტუალური საკითხი, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი სიურპრიზები, რომელთაც ბიზნესსაზოგადოების საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ. ამ გზით ბიზნესგარემო უფრო წინასწარ განჭვრეტადი ხდება. ჩვენ ასევე ვქმნით მსგავს პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მიზნად ვისახავთ ამ ფორმატისათვის ოფიციალური ფორმის მიცემას. ჩვენ შევქმნით ანალოგიურ პლატფორმას აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ინოვაციით დაინტერესებულ პირთათვის. მსგავსი ფორმატის შექმნას ვგეგმავთ პოლიტიკური პარტიებისთვისაც - ეს ალბათ ყველაზე რთული წამოწყებაა, თუმცა ამას განვახორციელებთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, როგორც რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან გაუქმდა მოგების გადასახადი და გადახდას მხოლოდ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება.

"საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად უკვე შევქმენით სტარტაპების ხელშეწყობაზე ორიენტირებული დაწესებულება. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო ლიდერები შესაბამისი გამოცდილებით, მათ შორის „სილიკონის ველის" 12 წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი ერთი თვის განმავლობაში სტუმრობდა საქართველოს და ატრენინგებდა ადგილობრივ დაწყებ მეწარმეებს. ეს ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის ძალიან წარმატებული დასაწყისი იყო და მიზნად ისახავდა ათეულობით სტარტაპერისათვის არამარტო საჭირო ფინანსების გამოყოფას და ამ ეტაპზე უკვე 60-ზე მეტი დამწყები ბიზნესი ამოქმედდა, არამედ ახალგაზრდა თაობაში ბიზნეს სულისკვეთების წახალისებას. ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ. სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა, ერთი მხრივ, სათანადო ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს მომავალ პენსიონერებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შექმნის ასობით მილიონი ლარის ადგილობრივ, გრძელვადიან საინვესტიციო კაპიტალს. ამ რესურსების ათვისების მიზნით ჩვენ ასევე წამოვიწყეთ კაპიტალის სისტემის რეფორმა. ერთ წელიწადში ადგილობრივი საფონდო ბირჟა დაუკავშირდება ერთ-ერთ ევროპულ პლატფორმას. სავარაუდო პარტნიორებს შორის, ამ ეტაპზე მოიაზრება ვარშავის, ვენის ან ლონდონის საფონდო ბირჟები - ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რათა გავზარდოთ საქართველოში არსებული ფასიანი ქაღალდების ხილვადობა და სანდოობის ხარისხი გლობალურ ფინანსურ ქსელებში, ევროპელი და გლობალური ინვესტორებისათვის და პირიქით. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც, როგორც აღვნიშნე საქართველოს განვითარების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველოს ექნება სიცოცხლისუნარიანი საფონდო ბირჟა; შეიქმნება ეროვნული ვალუტის ადგილობრივი წყარო გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად და რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შედეგად პენსიონერთა ფინანსური ტვირთი სახელმწიფო ბალანსიდან კერძო სექტორზე გადაინაცვლებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მეოთხე, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმა, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობის სფეროს ეხება, რაც ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას გულისხმობს.
"ამ კუთხით ჩვენ წელს უკვე 30%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი რესურსების მოცულობა. მომავალი წლისთვის ამ სფეროზე გამოყოფილი დაფინანსების გაორმაგებას ვგეგმავთ. ჩვენ მრავალ პროექტს ერთდროულად ჩავუყარეთ საფუძველი. ეს პროექტები ამ ეტაპზე მიზანშეწონილობის შეფასებისა და შემუშავების პროცესშია. მომავალი წლის თებერვალ-მარტიდან შეგვეძლება ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი რაოდენობა წამოვიწყოთ. ამას თავისთავად, უდიდესი დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი საირიგაციო სისტემის, ელექტრონული გადაცემის ხაზების მნიშვნელოვან მოდერნიზაციასა და განვითარებას ისახავს მიზნად. პროცესი საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის შედეგად, ტურისტული ზონების განვითარების მიზნით ხორციელდება. ამ რეფორმების ტრანსფორმაციულ ბუნებაში ეჭვი არ მეპარება. ისინი მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის ტემპების გაზრდას, დინამიზმის შემოტანას; საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ამერიკელ ინვესტორთა მოზიდვას საქართველოში. საქართველოს პორტები ქვეყნის, მისი ეკონომიკის, ტრანზიტული ფუნქციების განვითარების წინაპირობაა. ძალიან ვამაყობთ სტრატეგიული, ერთგვარად ათასწლეულის პროექტით - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით, რომელიც უამრავ ამერიკელ ინვესტორს მოიზიდავს საქართველოში. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი ინვესტორი, საქართველოში დაფუძნებულმსხვილ საბანკო ჯგუფ TBC-სთან ერთად, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული საინჟინრო კომპანია Conti Group-იცაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ სტრატეგიული პროექტის - ანაკლიის პორტის ოპერირების კუთხით დაინტერესება გამოთქვა კიდევ ერთმა მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის წარმატებული განხორციელება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევიტყობთ პორტის ოპერირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დასრულების შედეგებს. თუმცა, აღსანიშნავია უკვე არსებული, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფოთისა და ბათუმის პორტები, რომლებიც ასევე შეუწყობენ ხელს საქართველოს საზღვაო, სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებას", - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42