აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 09:41, 24 May, 2017     1033

აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესსაბჭოს განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს და პირადად მამუკა წერეთელს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

"2017 წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს - ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო; ჩვენ მივესალმებით ამერიკის უცვლელ პოზიციას საქართველოს საგარეო მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. გასული 25 წელი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს, როგორც სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნიდან იმ სახელმწიფოდ გადასაქცევად, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ საკუთარ თავს არ მივიჩნევთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკად და ამით სხვა სახელმწიფოებისათვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვსურს - ჩვენ გვინდა, საქართველო აღიქმებოდეს როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომსაქართველო აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოა მრავალი ობიექტური კრიტერიუმის თანახმადაც, რომელთა შორისაა დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი, ეკონომიკური დინამიკურობის ინდიკატორი და ქვეყნის მდგრადობა სწორი მიმართულებით განვითარების პროცესში.

"საქართველო მართლაც გარდაიქმნა - ეს იყო სახელმწიფო კორუფციის მაღალი დონით, ბიზნესისთვის ნაკლებად მისაღები გარემოთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნის სხვა ტიპიური მახასიათებლებით. დღეს ჩვენ ვამაყობთ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით განხორციელებული წინსვლით, ბიზნესის კეთების სიმარტივით. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს - ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, ოკუპაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო საკუთარი თავის წარდგენას განსხვავებული მეთოდებით ცდილობს; ის ცდილობს, წარმოაჩინოს თავი, როგორც შესაძლებლობების ქვეყანამ. გამოწვევები, რა თქმა უნდა, განაგრძობს არსებობას და ჩვენ მათ უნდა გავუმკლავდეთ. საქართველოს ორი განსხვავებული მდგომარეობის წარმოჩენისას ჩვენ მაქსიმალური ბალანსის დაცვას ვცდილობთ - ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საჭიროებს თავისი სტრატეგიული პარტნიორების დიდ დახმარებას, თუმცა ამავდროულად, წარმოადგენს ადგილს, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ კომპანიებს. ესაა სახელმწიფო, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, თუმცა ის უბრალო დამაკავშირებელი რგოლი არაა, ის არის დასავლეთის პარტნიორი, რომელიც მზადაა, გახდესმსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილთან დამაკავშირებელი გზა", - აღნიშნა პრემიერმა.

ამ კუთხით არსებულ ინიციატივებზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივას, რომლის ფარგლებში ახალი აბრეშუმის გზა იქმნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებულია არაერთი პროექტი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, ახალი პორტების მშენებლობა და ძველების გაფართოება და ა.შ.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, განვამტკიცოთ საქართველოს, როგორც სტაბილური, სანდო, პრინციპებზე დაფუძნებული, ბიზნესსაზოგადოების სანდო და ერთგული პარტნიორი ქვეყნის იმიჯი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის წერტილში მდებარეობს; შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიესალმება ამერიკული კომპანიების უფრო დიდ რაოდენობას საქართველოში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფრო მეტი ამერიკული კორპორაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის საქართველოში მოზიდვის კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა აშშ-ში და კიდევ უფრო მეტი ამერიკული კომპანია ამოქმედდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაგასაყარზე.

"ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანია, რომელსაც შედეგად მეტი სამუშაო ადგილი, უსაფრთხოება და კავშირი უნდა მოჰყვეს. ახლა დროა, პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მდგრადი საყრდენი უნდა გახდეს. დიდი მადლობა, რომ ხართ საქართველოს ერთგული მეგობრები, უზრუნველყოფთ მის სწორი მიმართულებით განვითარებას და მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას დროის ყველაზე რთულ მონაკვეთებში. საქართველოს ეს ახსოვს. ეს ახსოვს არა მხოლოდ მის მთავრობას, არამედ ხალხს. ჩვენ ვაფასებთ ამ უმნიშვნელოვანეს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციის მონაწილეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42