"მოვუწოდეთ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს სხვადასხვა მოსაზრებანი, მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ პროცესში"- განაცხადა ტბრინკმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის რიგით მე-10 შეხვედრის შემდეგ.
ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც ქვეყანას წარმატებულს გახდის.
"დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ძალიან ძლიერი და ენერგიული თანამშრომლობა, რაც არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შეხვედრის მსვლელობისას ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის იყო დამოუკიდებელი მედია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განვიხილეთ მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმა და მოვუწოდეთ მთავრობას, გაითვალისწინოს სხვადასხვა მოსაზრებანი, მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ პროცესში. ჩვენ ასევე შევაქეთ და მოვიწონეთ სასამართლო სისტემის რეფორმირების მესამე ტალღა და კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ სასამართლოს სისტემის გაძლიერებისთვის, არამედ ზოგადად ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების კუთხით.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საჯარო სამსახურის რეფორმაზე და საპარლამენტო კონტროლზე, უსაფრთხოების სამსახურზე და სხვა. ასევე აღვნიშნეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველომ მართლაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა მისი დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.
მასალის გამოყენების პირობები






