დღეს, ქ. ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ხმაურისა და ურთიერთ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, დეპუტატებმა ოზურგეთის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას უყარეს კენჭი. მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას სხდომაზე 14-მა დეპუტატი განიხილავდა.
უმრავლესობის დეპუტატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (მათ შორის, კახა კვაჭაძე, თემურ სალუქვაძე, ვასილ ჩიგოგიძე, მედეა მახარობლიძე, ლევან თოიძე, ლავრენტი ბიგვავა, ირინა საჯაია, ნინო ტაბატაძე, კახა კვაჭაძე) მუნიციპალიტეტების გაერთიანებას დაუჭირა მხარი.
დეპუტატებს შორის, ხმამაღალი საუბარი სწორედ უმრავლესობის წევრების მხრიდან მხარდაჭერილმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
ოპოზიცია (ლევან მგელაძე, გოჩა ძიმისტარიშვილი, თამარ ნადირიძე) დაყოფილი მუნიციპალიტეტების ისევ გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდა. უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. თუმცა, საბოლოოს 8 დეპუტატმა ოთხის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
გაერთიანება მიუღებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი "რესპუბლიკელი" ნინო გოგუაძისთვის.
მისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების შერწყმაში ცუდს ვერაფერს ხედავს ქ. ოზურგეთის მერი, ბეგი სიორიძე:
"თავიდან, როცა მოხდა ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება, მე და ჩემმა გუნდმა, დღე და ღამე გავასწორეთ, რომ ქალაქი განვითარებულიყო. მართალია, ბევრი ადამიანი ტალახს გვესროდა, მაგრამ ის, რაც არის გაკეთებული, თვალნათელია. ის, რაც სამინისტროდან გამოგვიგზავნეს, გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ, ჩემთვის მისაღებია. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ორად გაყოფილი სამსახურები გაერთიანდება და ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხა სხვა მიმართულებით დაიხარჯება. მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს არავის არ შეუქმნის დისკომფორტს"-განაცხადა ქალაქის მერმა.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციიდან ნათია შარაშენიძესა და ნანული ორაგველიძეს.
მასალის გამოყენების პირობები






