ბერლინში კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი იქნეს შემუშავებული:
„მადლობა გერმანელ მეგობრებს, პარტნიორებს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციას იმართება ასეთი სახის შეხვედრა. ვენეციის კომისიის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ჩვენ შევიმუშაოთ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა:
„როგორი არასტაბილურიც იყო გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია, ისეთი არასტაბილური სახით წარიმართა სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ მყარი დოკუმენტი და მყარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გრძელვადიან განვითარებას. როდესაც დაიწყო პროცესი და პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, პარლამენტმა კომისიას დაუსახა სამი ძირითადი ამოცანა, პირველი ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.
საკონსტიტუციო კომისიის პირველი ამოცანა იყო სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა. მეორე ამოცანას რაც შეეხება, დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ჩვენი მეორე ამოცანა გახლდათ ამ დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად. მესამე ამოცანა გახლდათ იურიდიული ტერმინის თვალსაზრისით, გამართული კონსტიტუციის შემუშავება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამივე მიზანი არის მიღწევადი, მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი და მას შემდეგ რაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამართული პროცესი დაედოს საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ შევქმენით ძალიან წარმომადგენლობითი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც გაერთიანებული იყო 73 წევრი და ყველა დაინტერესებული სუბიექტი იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






