"ნიუპოსტის" ინფორმაციით, თვეზე მეტია, რაც კონსულტაციები იმართება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მერის სახელისუფლებო კანდიდატი. კულუარული ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ამ პოსტისთვის მმართველი პარტიიდან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იბრძოლებს.
რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედ მერს, დიდი ალბათობით, ნარმანია აუდიტის სამსახურში დაიდებს ბინას. ინფორმაცია დღეს თავად ნარმანიამაც არ უარყო.
ეს ის უწყებაა, რომლიც ყოფილი მთავარი პროკურორისა და ლაშა თორდიას დაპირისპირების შემდეგ ყურადღების ეპიცენტრშია.
„ნიუპოსტი“ მოახლოებულ არჩევნებზე და მმართველი პარტიის შესაძლო ფსონებზე გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ის მმართველი პარტიის უპირატესობას უალტერნატივობას უკავშირებს. ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მესამე პოლიტიკური არჩევანის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს წააგებდა, რადგან "პარტიაში პოლიტიკური კაპიტალი არ არის".
"ქართულ ოცნებაში, პოლიტიკური კაპიტალი არ არის, პოლიტიკოსების დეფიციტია, თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი ძალის წარმომადგენლის შედეგი იქნება ზუსტად ის, თუ რა რესურსს გამოიყენებს ქართული ოცნება. რაც შეეხება თვითონ პარტიას, მისი შანსი არის უალტერნატივობა. მისი მთავარი კოზირი არის ის, რომ მას სრულფასოვანი კონკურენტი არ ჰყავს. ასეთი კონკურენტის გაჩენის პირობებში, ქართული ოცნება ნებისმიერ არჩევნებს წააგებს. მაგრამ მთავარი კითხვა სწორედ ეს არის - როდის მოხდება მთავარი კონკურენტის ფორმირება?!
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას კარგად ორგანიზებული პარტიული ინფრასტრუქტურა აქვს, ის დაზიანებული ბრენდია. და სწორედ ეს არ მისცემს მას ხელისუფლების რესურსებს თანაბარი კონკურენცია გაუწიოს. დღეს, განსაკუთრებით თბილისში, მესამე არჩევანზე ძალინ დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ პოლიტიკური ძალები მესამე არჩევანის ფორმირებას ვერ ახერხებენ"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის თბილისის მერის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ "კალაძეს ეს თანამდებობა არ სჭირდება".
"ლოგიკას ვერ ვხედავ თუ რატომ არის ეს თემა ასე გადაწყვეტილი და რატომაა კალაძის კანდიდატურაზე დაბეჯითებული საუბარი არ მესმის. შეიძლება ეს ასე მოხდეს, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ კალაძე საუკეთესო კანდიდატი იყოს ან თვითონ უნდოდეს მერობა"- განმარტა მან.
პოლიტოლოგის შეფასებით, "ნარმანიას მერობა ერთი დიდი გაუგებრობაა".
"ეს დიდი სიზმარი იყო, საიდანაც გამოიღვიძებს, ეს ადამიანი ცოდო იყო ამ თანამდებობაზე, მის ფუნქციას ვერ ასრულებდა, ცდილობდა მაგრამ მისი კომპეტენცია იმდენად შეზღუდულია, ვიდე თანამდებობით ეკუთვნის. შესაბამისად ნარმანია, ნომინალური მერია"- აღნიშნა მან.
გია ხუხაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას თბილისის მოქმედი მერის, აუდიტის სამსახურის უფროსად შესაძლო დანიშვნის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე დავით ნარმანიას პასუხისმგებლობაზე რატომღაც არავინ საუბრობს.
"ნარმანიას მთავარი აუდიტორობა, მით უფრო იმ ფონზე, როცა კონფლიქტი ვითარდება, ძალიან უცნაურად ჟღერს. აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომელზეც საუბარია, ჩვენ ვაპელირებთ რომ ფარცხალაძემ რაღაცა დააშავა, თუ ეს არის ყველაფრის მიზეზი, გამოდის რომ ყველაზე მეტად ნარმანიას დაუშავებია. ერთია სარგებლის მიღება და მეორე სარგებლის გადაცემა. სახელმწიფოს ხარჯზე, სარგებლის გადამცემი უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე მიმღები. რატომღაც ამ საქმეზე ნარმანიას პასუხისმგებლობაზე არავინ საუბრობს. ამ ფონზე ნარმანიას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა პარადოქსულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთის მხრივ აუდიტის სამსახური აქვეყნებს კონკრეტულ პირზე კომპრომატს, ეჭვი შეაქვს ჩინოვნიკის კეთილსინდისიერებაში და ამ დროს ამ ჩინოვნიკს აუდიტორის უფროსობაზე აქვს პრეტენზია"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის გავლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს თორდია- ფარცხალაძის საქმის გამოძიების ობიექტურობა განსაზღვრავს, რადგან საზოგადოებაში უკვე მომწიფდა აზრი, რომ "ხელისუფლებას დღის წესრიგს ინტერესთა ჯგუფები კარნახობენ".
"საზოგადოებაში დიდი ხანია ფარცხალაძის გავლენებთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრებები, მაგრამ მე შეთქმულების თეორიებში ვერ შევალ, რადგან მგონია, რომ ეს არ არის მთავარი ამბავი, მთავარია ის საკითხი, ინტერესთა ჯგუფები აკონტროლებენ დღეს ხელისუფლებას თუ ხელისუფლება დგას თავის მოწოდებაზე და ის კარნახობს პოლიტიკური თამაშის წესებს?! ზუსტად ახლა მიდის ეს დრამატული ბრძოლა, და ის როგორ გადაწყდება ეს კონკრეტული კონფლიქტი ამ ტენდენციის მაჩვენებელი"- აღნიშნა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






