დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიცია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკანონმდებლო ორგანოსთან უშუალოდ არის დაკავშირებული და კომისიამ თავდასხმის ფაქტთან ერთად, აუდიტის დასკვნაც უნდა შეისწავლოს.
„თვითონ ფაქტი, რომელიც უკავშირდება ამ ინციდენტს და ის ცდება კიდეც ამ ინციდენტის ფარგლებს, იმიტომ, რომ საუბარია გარკვეულ კორუფციულ გარიგებებზე. საგამოძიებო კომისია დაინტერესდება ამ ფაქტით და ამ მოვლენებით, რა თქმა უნდა, შეიძლება საინტერესო სახის მოკვლევებიც მოხდეს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ გამოძიების დასრულებას ელოდება და კომისიის შექმნაზე დათანხმებას იმ შემთხვევაში აპირებს თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება და რაიმე კითხვის ნიშნებს დატოვებს:
„უმრავლესობაც დაფიქრდება ამ საკითხზე, თუკი გამოძიების შედეგები და პროცესი არ იქნება ისეთი, რომელიც სრულად უპასუხებს ყველა კითხვას,“-განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






