სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა 18 მაისს, საღამოს 19:00 საათისთვის ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ წოწორიას სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. აღნიშნულს თავათ ნონა წოწორია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფაქტი მის საქმიანობას დააუკავშირა.
სამართლის ექსპერტი კოტე ჩოკორაია „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით არსებობს კითხვის ნიშნები, რადგან საუბარია სტრასბურგის მოსამართლის ოჯახის წევრზე. პროცესს კი დაკვირვება სჭირდება, რადგან არ ჰქონდეს ადგილი მოსამართლეებზე ანგარიშსწორებას ოჯახის წევრებზე ზეწოლის კუთხით:
„რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩხრეკა ჩატარდა სტრასბურგის მოსამართლის ძმის ოჯახში, ფაქტობრივად სტრასბურგის მოსამართლის ოჯახში, რაც შეიძლება აღვიქვათ შემდეგი მოვლენებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო და რომლებიც ხელისფლებისთვის იყო მიუღებელი, პირველი - ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით და შემდეგი, რუსთავი 2-ის საქმე, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელთან მიმართებითაც ხშირად კეთდებოდა განცხადება, ხელისუფლების ზოგ-ზოგიერთი წევრის მხრიდან. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლებელია ჩხრეკა სწორედ უკავშირდებოდეს მოსამართლის საქმიანობას. ამ პროცესების დაკვირვებაა საჭირო, არასამთავრობო სექტორი უნდა დააკვირდეს ამ პროცესს, რათა არ მოხდეს საქართველოში ის, რაც ადრეც ხდებოდა - მოსამართლეების დაშინება და მოსამართლეებზე ანგარიშსწორება მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლით“, - აღნიშნავს ჩოკორაია „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ნონა წოწორია მომხდარს სოციალური ქსელში გამოეხმაურა. მოსამართლის თქმით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი იფიქროს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ნონა წოწორია იმ მოსამართლეთა კოლეგიის წევრია, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადო შეჩერება მიიღო. წოწორია ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






