ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას გამორიცხავს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფაქტი შესაძლოა ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.
როგორც მდინარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გამოძიებას აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ გამოძიება იყოს ობიექტური და არ დარჩეს კითხვის ნიშნები, რადგან, მისი თქმით, ამ საქმესთან მიმართებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს:
„ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ აღარ არის ის დრო, როდესაც რაიმე საქმიანობას ვიღაცის ბინის ჩხრეკები უკავშირდება, ნეგატიურ კონტექსტში რა თქმა უნდა. შესაბამისად, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ვერსიას იმის შესახებ, რომ ან მისი დის ან სხვა ადამიანის საქმიანობას უკავშირდებოდეს მისი ბინის ჩხრეკა და ეს გარკვეული თავის დაცვის საშუალებად დაგვიყენეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ამ გამოძიებას, ესეც არ არის ჩვეულებრივი საქმე და ამას არაჩვეულებრივ ელფერს სძენს მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისი და არის ევროსასამართლოს მოსამართლე, ამიტომ მეტი გულმოდგინებით უნდა შეისწავლონ სამართალდამცავებმა ყველა დეტალი, მეტი ინტერესი იქნება ამ საქმის მიმართ, ამიტომ ეს ვალდებულება სამართალდამცავების მხარეს არის. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება იქნება ობიექტური. ამ გამოძიებამ კითხვის ნიშნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს“, - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მამუკა მდინარაძემ.
ნონა წოწორია მომხდარს სოციალური ქსელში გამოეხმაურა. მოსამართლის თქმით, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი იფიქროს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ნონა წოწორია იმ მოსამართლეთა კოლეგიის წევრია, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადო შეჩერება მიიღო. წოწორია ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განმხილველი მოსამართლეთა კოლეგიის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






