გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.
„ნიუპოსტის“ კორესპოდენტთან საუბრისას გიგა ოთხოზორიას დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის მიზეზი ქართველი ბიჭის პასპორტის შეურაცხყოფა გახდა. დედის თქმით, გიგამ სცადა აეხსნა, რომ პასპორტი მისი სიწმინდე იყო და მათ პატივი ეცათ.
გარდა ამისა, გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს შვიდი ტყვია ესროლეს მას შემდეგ, რაც ოთხმა პიროვნებამ სცემა. მისივე განმარტებით, პიროვნებების სახელი და გვარები იცის და გამოძიებასაც მიაწოდა, თუმცა ამ ინფორმაციაზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
„გამოძიება მიმდინარეობს ისე როგორც რუსებს უნდათ, ის საკონტოლო ტყვია, რაც ჩემ შვილს ესროლეს, იყო ყველა ქართველისთვის. სამწუხაროდ, შერჩეული სამართლით მიდის გამოძიება“- განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, მის მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლია. მას ბრალდება 21 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მას სასჯელი დაუმძიმა და14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლმა კანჯი-ოღლიზე წითელი ცირკულარით ძებნაც გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






