პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინეს. უჩა ნანუაშვილმა 800 გვერდიანი დოკუმენტის წარდგენისას მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ კი სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომათა ფაქტებზე, პროკურატურის მუშაობაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტებზე და ე.წ. ციანიდის საქმეზე.
სახალხო დამცველს დეპუტატებმა ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა. რაზეც ნანუაშვილმა პასუხის გაცემისას კიდევ ერთხელ ისაუბრა შრომის ინსპექციის შექმნის ინსტიტუტის აუცილებლობაზე:
„სახლხო დამცველს აქვს სრული უფლება ისუბროს სოციალურ ქსელში საკუთარ პირად გვერდზე, მათ შორის ის განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო ემოციური, მაგრამ სახლახო დამცველი 2013 წლიდან იმეორებს შრომის ინსპექციის აუცილებლობას. არა მხოლოდ საპარლამენტო ფორმატს და ტრიბუნას, არამედ ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ამ კუთხით მდგომარეობა შეიცვალოს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველმა ელენე ხოშტარიას კითხვასაც გასცა პასუხი ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან მიმართებით, უჩა ნანუაშვილის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ამ გამოძიების დასრულება გონივრულ ვადაში მოხდება.
„ჩვენ ვაკვირდებით ამ გამოძიებას, იმედი მაქვს უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, რაც ამ საქმესთან მიმართებით არსებობს. მითუმეტეს, როდესაც აქ საუბარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ველი რომ უარლოესი დღეების განმავლობაში, გონივრულ ვადაში მოხდება ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.
ადა მარშანიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველი დევნილებს მწირ ყურადღებას უთმობს:
„ძალიან გასაკვირია თქვენი ასეთი უყურადღებობა 350 ათასი ადამიანის მიმართ. ძალიან მწირია ინფორმაცია, თქვენი რეკომენდაციები და შენიშვნები დევნილების მიმართ. დავთვალე სპეციალურად, 17 წინადადება მიუძღვენით თქვენ ამ საკითხს“, - აღნიშნა ადა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






