კვერღელიძე მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დეცენტრალიზაციას საფრთხე არ ემუქრება. უფრო მეტიც, მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ის არგუმენტია, რომ შემდგომში გაერთიანებული ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება მოსახლეობის სასარგებლოდ.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ კი გადაწყვიტა მოკლედ ეთქვა სათქმელი და დეპუტატებს მოსაზრებების დაფიქსირება სთხოვა:
„შემოვიდა ინიციატივა, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ. ყველას გიდევთ ეს წერილი წინ, გაცნობილია თითოეული თქვენთაგანი მის შინაარს, ამიტომ თავს არ მოგაწყენთ ჩემი გამოსვლით და გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მე სრულად ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს ეს გაერთიანება“-აღნიშნა დავით დარჩიამ.
მავნებლური და უპასუხისმგებლო უწოდა მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან დავით მჟავანაძემ და კოლეგებს მოუწოდა რომ მხარი არ დაეჭირათ თვითმმართველი ერთეულების გაუქმებისთვის:
„ერთადერთი, რაც შეიძლებოდა ჩაგვეთვალა წარმატებულ რეფორმად, იყო თვითმმართველობის რეფორმა და აღმოჩნდა რომ თურმე ეს ყოფილა პროექტი, რომელიც მიუღებელი დარჩა „ოცნებისთვის“. სახელისუფლებო პარტიამ, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე ნახევარი მილიონი ამომრჩეველი დაკარგა და იმის შიშით, რომ ისინი დაკარგავენ ხელისუფლებას, მოიგონეს მავნებლური მეთოდები. ამიტომ ხდება ეს გაერთიანება, რაც უფრო უკანგადადგმული ნაბიჯია“-განაცხადა მჟავანაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას დარბაზში უმრავლესობის წევრების გაღიზიანება მოჰყვა. რომლებმაც კოლეგის მისამართით გამოთქმული კრიტიკული რეპლიკების შემდეგ, ერთხმად აღიარეს, რომ მხარს დაუჭერენ გაერთიანებას, მოტივით-ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები დაიზოგება.
განსაკუთრებული ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ასევე ოპოზიციონერი დეპუტატის („ნაციონალური მოძრაობა“), ბესო ქათამაძის გამოსვლას, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებს ბრმად იღებენ:
„გადაწყვეტილებებს ბრმად ღებულობენ და საერთოდ აზრზე არ არიან თუ რას უჭერენ მხარს და აძლევენ ხმას. მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი გაერთიანების გადაწყვეტილებას“-აღნიშნა ქათამაძემ.
მოგვიანებით, როცა ფრაქციებისა და პარტიების წარმომადგენლებმა პოზიციების დაფიქსირება დაასრულეს, სიტყვით გამოსვლა სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ითხოვეს.
თუმცა მათი არც ერთი არგუმენტი უმრავლესობისთვის მისაღები არ დარჩა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე არ გამოსულა არც ერთი წარმომადგენელი, რომელსაც განსხვავებული პოზიციის გამო, საკრებულოს თავმჯდომარის დიმიტრი კვერღელიძის რისხვა არ დატყდომოდა თავს. კვერღელიძე ოპონენტებს ძირითადად არაკვალიფიციურობაში, დემაგოგიასა და სიცრუეში სდებდა ბრალს.
ხმაურიანი სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად წინააღმდეგობისა, თემების საკრებულოზე მუნიციპალიტეტების მიერთების საკითხი მაინც გაიტანა და მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები






