მესამე სექტორი 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებს. არასამთავრობოებმა პრესკონფერენციები ქვეყნის 5 ქალაქში, მათ შორის თბილისში გამართეს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, დანიშნოს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები, რათა ვერ მოხერხდეს მმართველი გუნდის ინიციატივის სისრულეში მოყვანა.
„მივმართავთ აუცილებლად პრეზიდენტს, რომელსაც ერთ-ერთ, შესაძლოა ერთადერთ გამოსავლად შევთავაზებთ, დანიშნოს დღესვე თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც დღეს არსებული თვითმმართველობის პირობებში გამოცხადდება თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ მოცემულობით, რომლებშიც გამოცხადდა არჩევნები. შესაბამისად, ყველა შემდგომი გადაწყვეტილება, თუკი ასეთი იქნება მიღებული, შეიძლება, ამოქმედდეს მხოლოდ 2022 წელს,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა კი ხელისუფლების ინიციატივას , "საბჭოთა კავშირში დაბრუნება" უწოდა.
„ინიციატივა არის ღრმა წარსულში, საბჭოთა პერიოდში დაბრუნება, როდესაც რაიონებს მართავდნენ რაიკომის მდივნები და რაიკომის მდივნებს მართავდა ცეკას მდივანი. ახლა არ ვიცით, ვინ შეიძლება, წარმოვიდგინოთ ცეკას მდივნად საქართველოში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გამოხატული არის მკაცრად ცენტრალიზებული მმართველობის ფორმისკენ მიდრეკილება,“ - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






