ერთი სიტყვით, ჯერ ისე რა იყო და, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა რაღაცნაირად ცირკს დაემსგავსა, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყაროები ეუბნებიან, საქმე ასე მარტივადაც არაა და იმ ყველაფერს, რაც რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში მოხდა, უფრო შორსმიმავალი მიზანი ჰქონდა.
,,ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ძალები, რომლებიც თავის დროზე დღევანდელმა ხელისუფლებამ შვა, გარკვეულ რევანშს ცდილობენ საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში, ალბათ, ისე შეიფუთება, როგორც ახალგაზრდობის პროტესტი“, - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.
ამ ფონზე დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება ფილარმონიაში ჩაშლილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით.
პროფკავშირული და ახალგაზრდული ორგანიზაციები შრომითი უფლებების დასაცავად ქუჩაში სხვა დროსაც გამოსულან, თუმცა ეს თემა რატომღაც, თბილისში, კონსტიტუციის ცვლილებების განხილვაზე გააქტიურდა.
ფილარმონიაში მისული ჯგუფებიდან ზოგი იმას ითხოვდა, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა აიკრძალოსო, ზოგიც შრომის უფლებებზე ლაპარაკობდა, ანუ ამ ,,დომხალში“ თავიდანვე ჩანდა, რომ აყალმაყალის მოწყობა ვიღაცის ინტერესში შედიოდა.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ლოკალური პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, თან იგივე „ოცნებაში“ ყველაფეირ რიგზე ვერ არის. ავიღოთ, მაგალითად, ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტი. არსებობს მოსაზრება, რომ მას კავშირი ივანიშვილის დეიდაშვილთან აქვს და შარდენის ცემა-ტყეპაც პოლიტიკური თამაშების შემადგენელი ნაწილია, მათ შორის მერობის კანდიდატის. ფაქტია, ნარმანიას პოსტზე თვალი ბევრს უჭირავს, თუმცა ივანიშვილი ჯერ-ჯერობით ნარმანიას დათმობას არ აპრიებს. თუმცა კორუფციული სკანდალის თემა, რომელიც უკვე მედიაში აქტიურად ტრიალებს, შესაძლოა ,,ოცნების“ ხელისუფლების კრახის საფუძველიც გახდეს. ,,არჩევანის“ ეთერიდან გუშინ საზოგადოებამ ივანიშვილის მიერ მოსკოვში გაკეთებული ზარის შესახებაც შეიტყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ბატონ ფარცხალაძეს უკავშირდებოდა. უფრო მეტიც, ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანთა კორუფციული სქემის მიხედვით ისიც გაჟღერდა, რომ საქართველოს ბიუჯეტმა და შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ, მილიარდები დაკარგა.
გახდება თუ არა ასეთი ფაქტები საზოგადოების რეაგირების საფუძველი, ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს.
თუმცა კულუარებში იმასაც საუბრობენ, რომ არ არის გამორიცხული, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რომლის მიზეზიც, ჩვენი წყაროს ცნობით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი (თუ დაგეგმილი) არეულობები გახდება. როგორც ,,ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ამ კონკრეტული ჯგუფების გააქტიურება რუსული სივრცისთვის დამახასიათებელი თამაშის ნაწილია, ისევე როგორც კრემლის ოკუპანტური პოლიტიკის სახის, იური ლუჟკოვის ,,თბილისური ტურნე“, რომელიც ისე შემოვიდა და გადავიდა საზღვარს, ხელისუფლების მხრიდან, პასუხიც არავის მოუთხოვია - რატომ დააღრვია კრემლის გავლენიამა პირმა საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი.
მასალის გამოყენების პირობები






