საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ე.წ პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პროექტები, რომელიც UNDP-ს ეგიდით შესაძლოა განხორციელდეს აფხაზეთში, განსაკუთრებით განათლების საკითხებში.
ხაჯიმბამ შეხვედრაზე გაეროს წარმომადგენელს განუცხადა, რომ თანამშრომლობისათვის აუცილებელია გაერომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზ ხალხს გაეროს დახმარება არ სჭირდება. აქვე ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა საქართველომაც აღიაროს.
საპასუხოდ ნილს სკოტმა მაგალითი მოიყვანა ორ, არათანაბარ პირობებში მყოფ ადამიანზე, როცა ერთი მეორეს დახმარების აღმოჩენას სთავაზობდა. "მე ვთვლი, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, იმ საკითხებში, სადაც გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს," - აღნიშნა სკოტმა.
(სტატია მომზადებულია "აფსნიპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით).
მასალის გამოყენების პირობები






