ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად.
აღნიშნულის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაიბარეს. ჰერმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ზალბერი იზიარებს ევროკავშირის პოზიციას და არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე:
„ევროკავშირი არ აღიარებს იმ ე.წ. არჩევნებს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარდა, შესაბამისად, თუ არ აღიარებ არჩევნებს, არ აღიარებ ამ არჩევნების შედეგსაც. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პოზიციას იზიარებს ჰერბერტ ზალბერიც და განმარტებას თავად გააკეთებს“, - აღნიშნა ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






