ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც 12 ქალაქს, რომელსაც დღეისათვის აქვს გამგებლის და მერის ინსტიტუტი, რეფორმის შემდეგ, მხოლოდ მერი დარჩება.
ინიციატივის მიხედვით, მერს მოსახლეობა აირჩევს და მას ქალაქთან ერთად, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მართვაც დაევალება.
„ეს არ ნიშნავს თავად ამ ინსტიტუციის გაუქმებას. რა თქმა უნდა, ეს თანამდებობა იქნება, ხალხი აირჩევს პირდაპირი წესით გამგებელი იქნება თუ მერი შესაბამის თანამდებობის პირს. ერთადერთი აქ საუბარი არის ტერმინოლოგიურ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, შეიძლება არა,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
„ევროპულ საქართველოს“ რიგებში აცხადებენ, რომ ცვლილებები არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს:
„დღეს თვითმმართველობები ემსახურებიან არა ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცენტრს, ქართულ ოცნებას და მეორე პრობლემა - ეს არის აბსოლუტურად გაბერილი ხარჯები, გაბერილი ბიუროკრატია და არაპროფესიონალიზმი. არცერთ ამ გამოწვევას ეს ცვლილებები არ პასუხობს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ცვლილებას ფორმალურს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“:
„ეს ნიშნავს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს და 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი უნდა ჩამოართვან, ამით ფიქრობენ, რომ გადაფარავენ ამ ყველაფერს და სიტყვა გამგებელს შეცვლიან სიტყვა მერით და ფუნქცია დარჩება იგივე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს 7 თვითმმართველი ქალაქი გაუქმდება,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მასალის გამოყენების პირობები






