საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, გამოძახების შემთხვევაში საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ მოსიაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ საგამოძიებო ორგანოს მივცეთ სრულყოფილი ამომწურავი ინფორმაცია, რეალური ინფორმაცია," - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
მისივე განცხადებით, ფარცხალაძის დაცვის მხარე საზოგადოებას მტკიცებულებებით გაჯერებულ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, გამოძიება შეიძლება გაიწელოს, მიუმეტეს, რომ ამ დრომდე არ არის ფარცხალაძე გამოკითხული. ამის გამო, დაცვის მხარე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.
„ჩვენი მიზანი სწორედ გახლდათ ის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ის რეალური ინფორმაცია, რასაც ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
დაცვის მხარის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ იხსენებს ინცინდენტს და აღნიშნავს, რომ თვითმხილველების თქმით, გაურკვევლობა იყო ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის. თუმცა, ადვოკატის თქმით, პირადმა დაცვამ გაანეიტრალა.
„რაღაც გაურკვევლობა გახლდათ ის, რომ, როდესაც ლაშა თორდიამ დაუწუნა მისალმების ფორმა ბატონ ოთარ ფარცხალაძეს და ამასთან დაკავშირებით, როგორც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლაშა თორდიას მიერ დაწუნებულ მისალმების ფორმასთან დაკავშირებით გარკვეული სახის პირადი სივრცის დარღვევა მოხდა და დავა სწორედ ამ შემთხვევაში ერევა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






