გუშინ ფილარმონიაში მორიგი რუსული სპექტაკლი გათამაშდა. ამ მარიონეტთა თეატრის ფინალი სავარაუდოდ დასავლური ძალების სრული მარგინალიზაცია და პოლიტიკური სცენიდან გარიყვა უნდა იყოს, როგორც ეს ამ სანახაობაზე გამოჩნდა.
ისე უნდა მოხდეს, როგორც რუსეთში, სადაც მოჩვენებით მრავალპარტიული დუმა შედგება სახელისუფლებო უმრავლესობისა და რამდენიმე ასევე სახელისუფლებო ,,ოპოზიციისაგან“. სრულად განიდევნა დასავლური ოპოზიცია, ხოლო შავრაზმელი ჟირინივსკისა და კომუნისტების ფონზე მმართველი ძალა ციურ მანანად ჩანდა. ამ ფორმულამ დასავლეთში წარმატებით იმუშავა და პუტინისადმი ლოიალურობა ხანგრძლივი დროით განაპირობა.
ჩვენშიც ასე უნდა ჰქონდეთ ჩაფიქრებული - ასევე შავრაზმელი, ფსევდოპატრიოტული და სოციალისტურ - კომუნისტური ლოზუნგებით აღჭურვილი აგრესიული და ღია პრორუსები ოპოზიციაში (,,პატრიოტები“, ბურჯანაძე, ,,წითლები“, ,,სოციალისტები“ და სხვა ოხრობა) და უკვე ილიას გზად უტიფრად და ურცხვად თვითგამოცხადებული, გარეგნულად პროდასავლური და შინაარსით არანაკლები რუსეთუმე ,,ქართული ოცნება“ მმართველობაში მის არაფორმალური ბელადთან ერთად.
ხელისუფლების სცენიდან გაქცევა ამ პიესის კულმინაცია იყო და შავრაზმელებისათვის საზოგადოებრივი სიმპათიისა და რეიტინგის ნახტომისებური ამაღლებისაკენ არის მიმართული. ჩვენს ინერტულ და გულუბრყვილო საზოგადოებაზე მძლავრი ემოციური ზემოქმედება კარგად ჭრის. ეგზალტაციის სამიზნეც შესაბამისად არის შერჩეული - პატრიოტული გრძნობები და სოციალური სიდუხჭირე. ფილარმონიის დარბაზში მიწის დამცველთა და მეშახტეთა ქომაგთა სახით ორივე ინსტრუმენტი იქნა ამოქმედებული. მიზანიც მიღწეულ იქნა - შავრაზმელთა ტრიუმფი და მათგან გაპამპულავებული ხელისუფლება, რაც მცონარე აზროვნებისათვის საკმარისი ინსპირაციაა.
ეს ამბავი ჯერ კიდევ არჩევნებიდან დაიწყო, როდესაც მმართველმა ძალამ საარჩევნო ბარიერზე ,,პატრიოტთა ალიასი“ დიდი მონდომებით გადაათრია, და წარმატებით გრძელდება დღესაც, არა მარტო ფილარმონიაში. მეტად საგანგაშოა უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც. ნახსენები გეგმის განხორციელებას სულ ხუთიოდე პროცენტი აკლია.
დასავლური ოპოზიციისა დაქსაქსულობისა და სისუსტის ფონზე ჯერ-ჯერობით არ ჩანს ამ პროცესის შეჩერების შესაძლებლობის რაიმე წონადი არგუმენტი.
მასალის გამოყენების პირობები






