საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მმართველი გუნდის რიგებში ეხმაურებიან. ქართული ოცნების დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე, ამბობს, რომ ლუჟკოვის ვიზიტი იყო პროვოკაციული და ის საქართველოში ვეღარ ჩამოვა.
„ლუჟკოვის ბედიღბალით რომ დაინტერესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლუჟკოვი არ იყო აქ, როგორც ჩვეულებრივი კერძო პირი ჩამობრძანებული. მისი ვიზიტი აშკარად ქმნიდა პროვოკაციულ ფონს. ჩვენ ვითხოვთ კანონის პატივისცემას და არა ისეთ განცხადებებს, როგორც ლუჟკოვმა განაცხადა, რომ „მე მესმის რომ დავარღვიე კანონი, მაგრამ ამისთვის მიმიფურთხებია“. ეს იყო, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი. ის საქართველოში, ალბათ, ვეღარასოდეს ვეღარ ჩამობრძანდება,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.
უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს ხელს უშლის.
მასალის გამოყენების პირობები






