აღნიშნული თხოვნით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას და მისგანაც შესაბამისი მხადრდაჭერა მიიღო.
მედიისათვის განცხადებები ანდრეი კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას გულითადი მასპინძლობისათვის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემს თხოვნას, რომ ნატო-ს სამიტზე ბატონ პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია ჰქონოდა გარკვეული საფუძველი აქვს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას და, აგრეთვე პიროვნულ ფაქტორს ემყარება.
კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც საქართველოს სახელით მას ნატო-ს სამიტზე პოზიციის დაფიქსირებას ვთხოვ," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით ისაუბრა საქართველო - სლოვაკეთის მეგობრობასა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების მნიშვნელობაზე.
"თქვენი ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ვიზიტმა დაუდო დასაბამი ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი მიმართულებით თანამშრომლობას, მაგრამ ამავე დროს იყო ისტორიულად ემოციური.
იმ ფოტომ, რომელშიც თქვენ ხელს ართმევთ ხელოვნური გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ ადამიანს, რომელიც როგორც თქვენ აღწერეთ სრულიად აბსურდული ისტორიული უსამართლობით უცებ ხელოვნური გამყოფი საზღვრის იქეთ მოექცა, ამ ფოტომ ყველა ქართველის გულში იმედის და მათი ტკივილის გაგების ემოცია აღძრა.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელსაც უკვე ძალიან კარგი წინაპირობა გააჩნია, მაგრამ აგრეთვე ვისუაბრეთ იმ სტრატეგიულ ერთიან ხედვებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს გლობალური მიმართულებით.
პირველ რიგში, ეს არის ნატო-ს მომავალი სამიტი, რომელზეც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია იქნება ძალიან ხმამაღლა გაგონილი ამ სამიტზე თქვენი და ჩვენი სხვა მეგობრების პოზიციიდან გამომდინარე.
ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ იმ გზებისა და მიმართულებების შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტეგრაციას ეხება.
რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ვიზალიბერალიზაციის მიღწევა მოხდა მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
ეს არის ბუნებრივი, რადგან ჩვენ დავინახეთ, უმნიშვნელოვანეს ყოველდღიურ სამუშაოში რამდენად სერიოზული როლი ითამაშეს ჩვენმა მეგობრებმა.
ვისაუბრეთ გლობალური თანამშრომლობისა და იმ ფორმატების შესახებ, რომლებშიც საქართველო გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას ახორციელებს ევროპა-აზიის თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ამ ნაწილშიც მე ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ ჩვენ ერთნაიარი ღირებულებები, ერთნაირი ხედვა და პერსპექტივის ერთნაირი ოპტიმისტური განცდა გაგვაჩნია,'' - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






