აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.
„ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთავარი პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები დანაშაულის დაფარვის ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებენ. საუბარია დანაშაულზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ და მისმა ამალამ 3 დღის წინ ჩაიდინა, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ლაშა თორდია სცემეს.
მინდა მივმართო ძალოვანი უწყებების რიგით თანამშრომლებს- ფარცხალაძის დანაშაული თქვენი დანაშაული არაა, დანაშაულის დაფარვა კი, უკვე თქვენი დანაშაულია. ივანიშვილების კლანი მალე მოშორდება ამ ქვეყანას. ნუ იზამთ ისე, რომ თვალებში ვერ ჩახედოთ შვილებს და მოგიწიოთ თვალებში ჩახედოთ მართმსაჯულებას.
მინდა მივმართო პროკურატურის ფორმალურ ხელმძღვანელობას.
მოვითხოვთ:
1. გასაჯაროვდეს შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ყველა ფირი.
2. მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და გამოძიება წარიმართოს ადეკვატური სიმძიმის მუხლით.
3. პროკურატურამ მოითხოვოს წინასწარი პატიმრობა, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გამართლებულია. ფარცხალაძე არის ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც არაფორმალურად მართავს პროკურატურის სისტემას. მას შეუძლია დააშინოს მოწმეები, გააყალბოს მტკიცებულებები და
არათუ გავლენა მოახდინოს გამოძიებაზე, არამედ პრაქტიკულად წარმართოს გამოძიება.
დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება ომში არა პოლიტიკურ ძალასთან, არამედ მაფიოზურ სინდიკატთან, რომლის ერთერთი სახე არის ოთარ ფრაცხალაძე.
ახლა თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე მოგახსენებთ იმ ერთერთი დანაშაულის შესახებ, რომლის გამოც მოხდა თავდასხმა ლაშა თორდიაზე’’ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






