გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში 15 მაისს გაიმართება. რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.
შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ასევე, სლოვაკეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრემიერთან და ეროვნული საბჭოს სპიკერთან.
ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში ევროპის სტაბილურობის ჭრილში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.
საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.
16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო - სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს.
გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






