ბათუმის მერიამ უარის მიზეზი განცხადენაშო განმარტა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ მიერ მეჩეთის აშენებისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს. ასევე აღნიშნულია, რომ „საკულტო ნაგებობის-მეჩეთის მშენებლობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა - გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, პარკირების და სხვა თვალსაზრისით, რასაც საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში დარჩენილი მიწის ნაკვეთი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს“.
„ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მომართა ა(ა)იპ ,,ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ ქ. ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის ქ. N49/2, N49/3-ში საკულტო ნაგებობის-მეჩეთის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, რაზედაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარი ეთქვა. სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6-ს (სზ-6), რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას. აღნიშნულ ზონაში განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ასევე, მოხდა სამშენებლო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანება ჩამოყალიბებულია საცხოვრებელი სახლებით (მათ შორის სჭარბობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები). მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს. ასევე, მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობების კუთხით. ამ განაშენიანების მიხედვით აღნიშნულ კვარტალში დაგეგმარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებიც. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საკულტო ნაგებობა წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს. მოთხოვნილი საპროექტო ობიექტის გაბარიტების და მოცულობის საკულტო ნაგებობის მშენებლობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა - გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, პარკირების და სხვა თვალსაზრისით, რასაც საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში დარჩენილი მიწის ნაკვეთი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით, სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, მიმდინარეობს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავების წინასაპროექტო კვლევის მომზადება. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებები და სხვა.“ - ნათქვამია განცხადებაში.
მეჩეთის მშენებლობაზე მერიის უარს "ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძე გამოეხმაურა. ნაკაიძემ მერიის გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და საქართველოს დემოკრატიის კრახი.
"სამწუხაროდ, ბათუმის მერიისგან მივიღეთ უარი ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. ეს არის უპასუხისმგებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს დასაბუთება, რატომ ვერ შევძლებთ მეჩეთის მშენებლობას ბათუმში" - განაცხადა ტარიელ ნაიაკიძემ.
მისი თქმით, ეს იყო ტესტი ქვეყნის დემოკრატიის, რომელიც ვერ ჩააბარა ხელისუფლებამ. "ქართველი მუსლიმები ვერ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და არ შევეგუებით ამ გადაწყვეტილებას, გავაანალიზებთ რა მოხდა და დავგეგმავთ ყველა იმ ღონისძიებას, რაც საბოლოო მიზნამდე, მეჩეთის მშენებლობამდე მიგვიყვანს. სახელმწიფოს უპასუხისმგებლობა, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გამოიხატა, უჩვენებს მუსლიმი თემის მიმართ დამოკიდებულებას" - განაცხადა ნაკაიძემ.
"ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი" მერიის გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მასალის გამოყენების პირობები






