„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველო არის ერთგული და მტკიცე პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენ ეს წლების განმავლობაში დავამტკიცეთ. ასევე ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც უკავშირდება ჩვენს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, არის საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, გამოირჩეოდა ძალიან გულთბილი, მეგობრული ატმოსფეროთი, რომლის ფარგლებში ჩვენს დელეგაციას ჰქონდა შესაძლებლობა სრულად განეხილა ჩვენს დღის წესრიგში არსებული საკითხები, მიგვეღო ძალიან მტკიცე გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის, არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ ოფისში მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შედგა საუბარი, შედგა გაცვლა მოსაზრებების. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები გადადის კიდევ უფრო ახალ ეტაპზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის სახელმიწფო მდივანს, რექს ტილერსონის შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან მაიკ პენსთან, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ რონ ჯონსონთან, კომიტეტის თანათავმჯდომარე, სენატორ კრის მერფთან და სენატორ ჯინ შაჰინთან. პრემიერი ასევე შეხვდა აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს.
ამერიკულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, გიორგი კვირიკაშვილთან მათ სტრატეგიული პარტნიორობისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები






