საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი რამდენიმე დღეა იმყოფება. ლუჟკოვმა დღეს ასევე გააკეთა განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით:
„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა იური ლუჟკოვმა, რომელიც „მოამბემ“ ექსკლუზიურად ჩაწერა.
აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა წამალაშვილი ეხმაურება:
“საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ანექსიის შემდეგ, მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საბედნიეროდ ეს კანონი ისევ ძალაშია, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დაჟინებული მცდელობისა, მომხდარიყო მასში ცვლილების შეტანა და შერბილებულიყო.
იური ლუჟკოვი დიდი ხნის მანძილზე იყო მოსკოვის მერი, ის წარმოადგენდა პუტინის რეჟიმს, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რომელმაც განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე. სწორედ ლუჟკოვის თაოსნობით აშენდა დაბა, ე.წ. მოსკოვის რაიონი ეწოდა ამ დასახლებას, გადამწვარი თამარაშენის ტერიტორიაზე. ეს ადამიანი წარმოადგენს ოკუპანტ რუსეთს, მისი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, შევარდნაძის პერიოდში გამოირჩეოდა სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლებების წახალისებით. ეს ადამიანი იმყოფება დღეს საქართველოში, სრულიად უპასუხისმგებლოდ გამოიყუნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. 2009 წლის ნოემბერში ის ჩავიდა სოხუმში, მოგვიანებით სექტემბერში ჩავიდა ცხინვალში და გახსნა ე.წ. მოსკოვის რაიონი. მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპირებული რეგიონების შესახებ“, - განაცხადა ეკა წამალაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






