პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ ზუსტად იციან, საით „მიექანებიან“
”2012 წლის შემდეგ ზუსტად ვიცით, საით მივექანებით. გეტყვით, საით მივექანებით -ეს არის ადამიანის უფლებების უკეთესი დაცვა. გავექანეთ 2012 წელს იქითკენ, რომ 24 500 პატიმრის ნაცვლად დღეს გვყვავს 9 500 პატიმარი ანუ ორნახევარჯერ ნაკლები პატიმარი. აი, აქეთ გავექანეთ ბატონებო. ციხეებში კვდებოდა 150 კაცი, ახლა 12 კვდება. 12-ჯერ ნაკლები კაცი კვდება ახლა ციხეებში და აქეთ გავექანეთ ჩვენ, ყველა ერთად, მადლობა ღმერთს, 2012 წელს. ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ, მომიტინგეებს აღარ არბევენ სასტიკი ფორმით - აქეთ გავექანეთ ჩვენ 2012 წელს. ეს არის ის, საითაც ყველა ერთად მივექანებით - მეტი დემოკრატია. გახსოვთ, ალბათ, პარლამენტარები ნოტარიუსის ფუნქციას რომ ასრულებდნენ და თითის დაჭერის მეტი არაფერი ხდებოდა ამ ორგანოში. ყველა ერთად გავექანეთ უკეთესი დემოკრატიისკენ. რაც შეეხება ეკონომიკას, საქართველოს, მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს ეკონომიკური ზრდის და აქეთ მივექანებით. 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა იანვარ-თებერვალ-მარტში და ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც ატარებს პარლამენტი და მთავრობა. სოციალური დაცვის მიმართულებით, მილიარდ 200 მილიონი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წელს, დღეს არის 3 მილიარდ 200 მილიონზე მეტი. აქეთ გავექანეთ, რომ ორჯერ მეტი ფული იხარჯება იმისთვის, რომ ჯანდაცვა და სოციალური დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. ზუსტად ვიცით, საით მივექანებით საგარეო პოლიტიკის კუთხით - ეს არის ევროკავშირი და ნატო, ასევე მშვიდობიანი ურთიერთობები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით და გვინდა რომ აქეთ გავექანოთ ყველა ერთად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






