„მეუფე პეტრეს სინოდმა აუკრძალა ასეთი გამოსვლები და როგორც ჩანს, ის სინოდის გადაწყვეტილებებსაც აღარ სცემს პატივს. პირდაპირ დაუპირისპირდა სინოდს. ხო, მან ჩემ მიმართ გაიმეორა ის რიტორიკა, რასაც წლების განმავლობაში ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“. რას ნიშნავს, ნანა კაკაბაძე „მხედრიონში“ იყო? ქუჩაში დავრბოდი და ადამიანებს ვძარცვავდი? მე „მხედრიონში“ კი არა, იმ ადამიანებთან ვიყავი მაშინ, ვინც ქვეყნის ერთიანობას შესწირეს თავი. მე ვიცავდი იმ ოჯახებს, რომლებსაც წარმომადგენლები დაეხოცათ ომში. რას ჰქვია „მხედრიონი“? სად მნახა მეუფე პეტრემ, შეიარაღებული რომ დავდიოდი და ხალხს ვძარცვავდი?! და თვითონ სად იყო მაშინ მეუფე პეტრე, იქნებ ეგეც გვითხრას. მაქვს ინფორმაცია და მისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება ეს ინფორმაცია. ჯობია, თვითონ ისაუბროს. მე იქ ვიყავი, სადაც წინა ხაზი იყო, თვითონ სად იმყოფებოდა, ეგეც თქვას. ის ჯერ კიდევ ეპისკოპოსია და ამიტომ თავს შევიკავებ სხვა დეტალებზე საუბრისგან.“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ნანა კაკაბაძეს ლოგიკურად მიაჩნია, რომ მსგავსი გამოსვლების გამო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სინოდიდან განკვეთონ:
„ლოგიკურად ეს ასე უნდა მოხდეს. აბა, სხვა რაღა შეიძლება იყოს სინოდიდან განკვეთის საფუძველი, თუ არა ის ქმედებები, რასაც მეუფე პეტრე ეწევა. ეს არის დანაშაული ეკლესიის წინააღმდეგ. მოახლოვდა ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და ფიქრობს, რომ შესაძლოა, გამოძიება არ დარჩეს გულგრილი თუნდაც მისი პიროვნების მიმართ. ის თავისი გამოსვლებით იცავს არა მამა გიორგის, არამედ საკუთარ თავს, ისევე როგორც დეკანოზის ადვოკატები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი მამალაძე არის დაუცველი, დაცულია მეუფე პეტრე და მისნაირები, ვინც მის გვერდით დგას ამ საქმეში.“- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
წყარო „პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






