საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვაზე საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა, გიორგი მაგველაშვილის თქმით შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა, მიუხედვად იმისა, რომ მასში პროპორციული სისტემა გათვალისწინებულია, სამართლიანი სისტემის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მარგველაშვილის თქმით უსამართლობის განცდას 5%-იანი ბარიერი და ბლოკების შექმნის აკრძალვა აჩენს:
„ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს ამ საარჩევნო სისტემაში უზრუნველყოფილია, მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთ სისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, მივდივართ საარჩევნო უბანში და ვირჩევთ პოლიტიკოსს. თითოეული ჩვენი ხმა არის უაღრესად ფასეული. ეს ხმა ქმნის ხელისუფლებას, ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას და შევხედოთ, რა სისტემა არის ჩამოყალიბებული. პირველი - 5% საარჩევნო ბარიერი, რომელიც თავისთავად ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი - ბლოკების უარყოფა, როდესაც მე ვუსმენდი პატივცემულ გამომსვლელებს, მათთვის ესეც მიუღებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, საარჩევო სისტემაზე მუშაობისას მმართველმა გუნდმა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინს:
„ახლა, როდესაც ამის ლეგიტიმაცია ხდება იმიტომ, რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობის ზონიდან, ჰკითხეთ ოპოზიციურ პარტიებს, რა უნდათ, როგორ უნდათ მათ რომ ხელი შეუწყოთ. თუ ჩვენ მათ პრობლემას ვუქმნით და ისინი ამბობენ, რომ 5%-იანი ბარიერიც და ბლოკების შექმნაც არის ჩვენთვის პრობლემა, რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი. რატომ ვიცი მე უკეთესად. რატომ არ ვეკითხები ოპოზიციონერებს, თქვენ როგორი სისტემა გინდათ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






